კახა კალაძე: აფხაზურ მხარესთან ენერგეტიკული მიმართულებით ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს
ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე აცხადებს, რომ აფხაზურ მხარესთან ენერგეტიკული მიმართულებით ძალიან კარგი თანამშრომლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, შეხვედრა აფხაზურ მხარესთან 6 მარტს გაიმართა და მან აგრეგატები დაათვალიერა.
“წლებია, დამყარებულია კარგი ურთიერთობა. ეს ახლაც გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება. იქ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურებზე, კერძოდ – არხის გაწმენდითი სამუშაოები. ჩვენ დავათვალიერეთ აგრეგატები. იცით, რომ ენგურის აგრეგატები განთავსებულია საბერიოში. დასრულებულია სარეაბილატიო სამუშაოები, 2016 წლისთვის ვგეგმავთ გვირაბის რეაბილიტაციას. ძალიან მასშტაბური სამუშაოები ჩატარდება და ამისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი იქნება ჰიდროელექტროსადგურის რამდენიმე თვით გაჩერება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით,”ენგურჰესის” გაჩერების გამო საქართველოს ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას, ელექტროენერგიით მოამარაგოს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები და მათ მთავრობა ელექტროენერგიას მიაწვდის.
“ამ ყველაფერს სახელმწიფო თავის ხარჯზე იღებს. ყველა სარეაბილატაციო სამუშაო, რომელიც ჩატარდა, ტარდება და მომავალში ჩატარდება, ჩვენ ამის ხარჯებს ჩვენს თავზე ვიღებთ. იყო შემთხვევები, როდესაც პრობლემები ჰქონდა ენგურის ჰიდროელექტროსადგურს, ჩვენ რუსეთიდან შემოგვქონდა ელექტროენერგია და ვაწვდიდით აფხაზებს, რომ ისინი ჩაბნელებულები არ ყოფილიყვნენ “, – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.