„ე. წ. აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთთან დაკავშირებით პრაღაში არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს“

აფხაზეთის გავლით რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენის საკითხზე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა ზურაბ აბაშიძემ კომენტარი გააკეთა. ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, პრაღაში ამ საკითხზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.
„ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ორმხრივი დიალოგის ფარგლებში, ე.წ აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთთან დაკავშირებით, პრაღაში არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. ზოგადად, პრაღაში ჩვენ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ და არც რაიმე ვალდებულებებს ვიღებთ. ასე რომ, ის თემა, რომ იქ რაღაც კულუალურად ხდება აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით – გარიგება, აბსოლუტურად უსაფუძვლოა.
ჩვენ დეტალურ ინფორმაციას ვაწვდით ყველა ორგანიზაციას და უწყებას, ვისაც მეტ-ნაკლებად შეხება აქვს რუსეთის თემასთან. ჩვენს დიალოგს ესწრება და მონაწილეობს ჩვენი საგარეო უწყების წარმომადგენელი. ასე რომ, ყველა დეტალურად საქმის კურსშია, რაზეც ვსაუბრობთ“, – განაცხადა აბაშიძემ. რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ რუსეთ-საქართველოს 2011 წელს გაფორმებული შეთანხმება ცხინვალსა და სოხუმს არ მოიცავს, აბაშიძე აღნიშნული განცხადების კომენტირებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.
“ჩამოვყალიბდებით, გავეცნობით, სასწრაფო, მე მგონი, არაფერი არ არის. შემდეგ გამოჩნდება, როგორია ჩვენი პოზიცია იმ თემებთან დაკავშირებით, რომელიც მან ახსენა”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები