ნიკა მელია: თბილისის მუნიციპალიტეტის არსებული საათი 4 საათით ჩამორჩება რეალურ დროს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია თბილისის მთავრობას აკრიტიკებს და ამბობს, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს სრული შემადგენლობის დათხოვნა. როგორც ნიკა მელიამ გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას განაცხადა, იგი თბილისის მერს ბოდიშს იმ შემთხვევაში მოუხდის, თუ ერთი მოქალაქე თბილისის მთავრობის კმაყოფილი იქნება.
ნიკა მელიას თქმით, ნარმანიას მთავრობამ 8 თვის განმავლობაში ვერცერთი დაპირება ვერ შეასრულა და ელემენატრული პრობლემის მოგვარებაც არ შეუძლია. ამის დასადასტურებლად მელიამ ბარათაშვილის ხიდზე არსებული მუნიციპალური საათის მაგალითი მოიტანა, რომელიც 5 თვეა, 4 საათით ჩამორჩება რეალურ დროს.
„დღეს თუ დედაქალაქში არსებობს, ერთი ობიექტური ადამიანი მაინც, რომელიც იტყვის, რომ ეს დედაქალაქის მთავრობა არის რაიმეს გამკეთებელი, ბოდიშს მოვიხდი. 8 თვის განმავლობაში ვერ განხორციელდა ვერცერთი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი, ვერცერთი დაპირება ვერ შესრულდა. ბატონი ნარმანია საუბრობდა უამრავ დაპირებებზე, ვერცერთი ორმო ვერ იქნა ამოვსებული. ბარათაშვილის ხიდზე არსებული მუნიციპალური საათი უკვე მეხუთე თვეა ოთხი საათით ჩამორჩება რეალურ დროს. ეს საათი მუშაობს, არ არის გაჩერებული, უბრალოდ უნდა გასწორება. როდესაც მუნიციპალურ საათს ვერ გაასწორებს დედაქალაქის ხელმძღვანელობა, რა პროექტებზეა საუბარი“, – აცხადებს ნიკა მელია.
ნიკა მელია დავით ნარმანიას მთავრობის სრული შემადგენლობით გადაყენებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები