რიჩარდ ნორლანდი: საქართველოს სავიზო პოლიტიკა ქსენოფობიური არ არის
ამერიკის ელჩის საქართველოში რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, საქართველოს სავიზო პოლიტიკა სამართლიანია და მსოფლიოს სტანდარტებს აკმაყოფილებს. რიჩარდ ნორლანდის შეფასებით, საქართველოს სავიზო პოლიტიკა არ არის ქსენოფობიური. მისი თქმით, ყველა ქვეყანა ცდილობს, ხელი შეუწყოს ტურიზმს, მაგრამ, ამავე დროს, წინ აღუდგეს ქვეყანაში ისეთი ადამიანების შემოსვლას, რომლებმაც შეიძლება ზიანი მოუტანოს ამ ქვეყანას.
“საქართველო ცდილობს, რომ მისი სავიზო პოლიტიკა იყოს სამართლიანი, თანამედროვე და იმართებოდეს იმ წესებით და რეგულაციებით, რაც თანხვედრაშია მსოფლიოში აღიარებულ ნორმებთან. ყველა ქვეყანა ცდილობს, ხელი შეუწყოს ტურიზმსა და ბიზნესს, მაგრამ, ამავე დროს, წინ აღუდგეს ქვეყანაში ისეთი ადამიანების შემოსვლას, რომლებმაც შეიძლება ზიანი მოუტანოს ამ ქვეყანას. არ მიმაჩნია, რომ საქართველოს სავიზო პოლიტიკა არის ქსენოფობიური, შეიძლება არის გარკვეული წარმატებები და წარუმატებლობები, მაგრამ მთავრობა ამაზე მუშაობს”,-განაცხადა ნორლანდმა.
შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სავიზო პოლიტიკის გამკაცრება იყო მასშტაბური რეფორმა და არც ერთი მასშტაბური რეფორმა არ არის უხარვეზო ან უმტკივნეულო ყველასთვის.
“ყველა ბედნიერი მასშტაბური რეფორმით ვერ არის. ვინ ვერ არის ბედნიერი?! ვერ არის, მაგალითად, ბედნიერი ტურიზმის სააგენტო, 2014 წლის 1 სექტემბერს, როდესაც ეს რეფორმა შევიდა ძალაში, ამან ბოლო 4 თვის განმავლობაში გამოიწვია ჩვენი ტურისტების ნაკადის 42 ათასი ადამიანით შემცირება: ჩინელების, ერაყელების, ირანელების და ეგვიპტელების”,- განაცხადა წულუკიანმა “იმედის” ეთერში 18 თებერვალს.
აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა ირანის საელჩო, სადაც მინისტრის განცხადებას არამეგობრული უწოდეს. ირანის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისტორიის მანძილზე, ირანელები, რომლებიც გონიერი და მაღალი კულტურის ხალხია, სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც კი უწევდათ ცხოვრება, ემსახურებოდნენ იმ ქვეყნის აღმშენებლობას, წარმატებებსა და კეთილდღეობას.
“ირანელი ინვესტორებისა და ტურისტებისათვის დაწესებული შეზღუდვები შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოს მიერ ირანელი მეგობრების ცოდნის, კაპიტალისა და ღირებული სამსახურის დაკარგვად. ამასთან, ეს გავლენას ვერ მოახდენს მსოფლიოს ხალხთა შორის არსებულ ურთიერთობებზე, მიუხედავად ზოგიერთების რასისტული და ქსენოფობიური მოსაზრებებისა”,- ნათქვამია ირანის საელჩოს განცხადებაში.