ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების შეჩერების მიზეზს განმარტავს
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუბომირ ზაორალეკი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების შეჩერების მიზეზს განმარტავს. ჩეხეთი დოკუმენტს საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის ბერკეტად იყენებს, რათა ჩეხური კომპანია “ენერგო პროს” ინტერესები დაიცვას. ჩეხური მედიის ინფორმაციით, პარლამენტის დღის წესრიგიდან ასოცირების ხელშეკრულების მოხსნით და რატიფიცირების გადადებით ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სურს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის მიერ “ენერგო პროსთვის” დაკისრებულ გადასახადზე მიღებული გადაწყვეტილება შეაცვლევინოს.
“მეთოდი იდეალური არაა. მაგრამ მე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს, ეკონომიკური დიპლომატიის წარმოებისთვის კიდევ რამდენიმე შესაძლებლობა მაქვს, რათა სულელის როლი არ ვითამაშო”, – განაცხადა ზაორალეკმა.
“ენერგო პროსა” და შემოსავლების სამსახურს შორის დავა კომპანიისთვის დაკისრებულ 60 მილიონ დოლარზე მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ქართულმა მხარემ კომპანიის მოთხოვნების 70-80% დააკმაყოფილა, თუმცა დარჩენილი თანხის გადახდაზე მოლაპარაკებები გრძელდება. ჩეხური მედიის ცნობით, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების გადავადებამ “ენერგო პროს” სასარგებლოდ დავის წარმართვაში მთავარი როლი ითამაშა. ჩეხეთის მთავრობამ პარლამენტს დოკუმენტი რატიფიცირებისთვის 2014 წლის 1 აპრილიდან წარუდგინა, თუმცა მისთვის კენჭი დღემდე არ უყრიათ.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი 2014 წლის 27 ივნისს, ბრიუსელში მოეწერა. დოკუმენტის სრულად იმპლემენტაციამდე საჭიროა მისი რატიფიცირება ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის პარლამენტის მიერ, მანამდე კი შეთანხმების უდიდესი ნაწილი 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან დროებით ამოქმედდა. კერძოდ, ძალაში შევიდა დოკუმენტის 80%, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) კომპონენტი. DCFTA ითვალისწინებს ქართული სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული პროდუქციის თავისუფალ განთავსებას ევროკავშირის ბაზარზე და ასევე, ადგილობრივ ბაზარზე უვნებელი და უსაფრთხო პროდუქტის მიწოდებას. შეთანხმების ფარგლებში, ქართული წარმოშობის თითქმის ყველა პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე შესვლისას საბაჟო ტარიფისგან გათავისუფლდება, თუმცა გარკვეული შეზღუდვები მაინც იარსებებს. კერძოდ, 28 დასახელების პროდუქტი ევროკავშირში იმპორტისას უნდა დაექვემდებაროს საბაჟო გადასახადის გადახდას, ამ გადასახადის ადვალორული (ღირებულებასთან შესაბამისობა, გამოცხადებული ფასი) კომპონენტის გარეშე. ამასთან, ცალკე ჩამოთვლილია გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმს დაქვემდებარებული პროდუქტები, რომელზეც იმპორტის ზღვრული დონეა დაწესებული. ასევე, წლიურ უბაჟო სატარიფო კვოტას დაქვემდებარებული პროდუქტია ნიორი. აღნიშნული კვოტა 220 ტონას შეადგენს, რომელზე გადაჭარბების შემთხვევაშიც, საქართველოს საბაჟო გადასახადის გადახდა მოუწევს. ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დაახლოებით ნახევარმა მოახდინა.
წყარო: „პირWელი“