„თავისუფალი თაობა“ ე.წ. „საბოტაჟნიკების“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს
არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობა” პროკურატურას მიმართავს. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი ანა დარსალია გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში აცხადებს, პროკურატურამ ე.წ. „საბოტაჟნიკების“ წინააღმდეგ, ერთხელ და სამუდამოდ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრას.
„ასეთები არიან, მაგალითად, გოგა ბუთლიაშვილი, ე.წ. „ქილერა“, გლდანის საპატიმროს სოციალური სამსახურის უფროსი იყო, რობერტ არაქელოვი, გამორჩეული ჯალათი – ქსნის საპატიმრო დაწესებულების ყოფილი დირექტორი, დათო „ხონსკი“, გლდანის მე-8 დაწესებულების თანამ-შრომელი, ასევე ჯონი ივანიშვილი, დავით მარგებაძე და ა.შ. ექიმები – რუსთავის მე-6 საპყრობილეში მუშაობს გია კირკიტაძე და ნომერ მე-5 საპყრობილეში კესო დანელია, რომლებიც პატიმრების წამებაში იყვნენ მხილებულნი. კვლავ მუშაობენ დავით ბუხრაშვილი, რომელიც გლდანის მე-8 დაწესებულებაში მუშაობდა და ექიმები – ნუნუ მჭედლიშვილი და კახა ორაგველიძე, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ პატიმრების წამებაში. ნომერ მე-3 დაწესებულებიდან მომივიდა წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ ყოფილი რეჟიმის თანამშრომლები ისევ და ისევ ცდილობენ პატიმრების მაქსიმალურ გაღიზიანებას, არ უშვებენ ჰაერზე, ტანსაცმელს ხდიან და ისე უშვებენ საკნებში, წყალი დღე-ღამის განმავლობაში მოდის მხოლოდ 4 საათით და ეს არის დასაბანიც და დასალევი წყალიც. ანტისანიტარიააო სრული. ოღონდ გაგვაღიზიანონ და ამისთვის ყველა პირობას გვიქმნიანო. კახა ორაგველიძე, რომელიც ზემოთაც ვახსენე, არის მე-3 დაწესებულების მთავარი ექიმი და ცნობილია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ჯალათი. ჩვენი მოთხოვნაა, რომ პროკურატურამ ერთხელ და სამუდამოდ აღძრას საქმეები იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებზეც ამდენს საუბრობენ ყოფილი და ამჟამინდელი პატიმრები. საქმე გვაქვს „საბოტაჟნიკებთან“, რომლებიც ზოგი გარეთ და ზოგი შიგნით მუშაობს, რომ ააფეთქონ სიტუაცია ციხეებში“, – განაცხადა დარსალიამ „ალიასთან“ საუბრისას.