ემზარ კვიციანის ჩვენების საფუძველზე, შესაძლოა, ირაკლი ოქრუაშვილის ბრალეულობა გამოიკვეთოს

  პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის ჩვენების საფუძველზე, შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ აღიძრას. ამის შესახებ სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. როგორც ემზარ კვიციანის და ნორა კვიციანი გაზეთთან საუბარში აღნიშნავს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. კვიციანის ოჯახს აინტერესებს, რატომ და ვისი ბრძანებით გააუქმა ბატალიონი “მონადირე“ ირაკლი ოქრუაშვილმა.
„ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. მან მე, ნორა კვიციანს, კი არ უნდა გამცეს პასუხი, არამედ საზოგადოებას, ხალხს. თქვას, რატომ გააუქმა ბატალიონი, რატომ შეიყვანა ჯარი, რატომ დაბომბა კოდორი. განაჩენს ერი გამოტანს. თქვას, ვისგან მიიღო ბრძანება, თუ აიძულეს, ეს ბრძანება შეესრულებინა, გამოვიდეს და განაცხადოს, რომ სააკაშვილმა მისცა ბრძანება და იძულებული იყო, შეესრულებინა. თუ ვაჟკაცია, ეს უნდა გააკეთოს“, – ამბობს ნორა კვიციანი. ნორა კვიციანი მთელს პასუხისმგებლობას ყოფილ ხელისუფლებას აკისრებს და აინტერესებს, რა იზეიმა ოქრუაშვილმა, როდესაც მისი სახლის თავზე საქართველოს დროშა აღმართა.
„მთლიანად წინა ხელისუფლების ბრალია ყველაფერი, რაც მოხდა, მათი პასუხისმგებლობა არის, უპირველეს ყოვლისა. როდესაც „მონადირე“ გაუქმდა, რატომ დატოვეს ის უკანონო იარაღი, რომელიც შემდეგ ვითომ ჩემი ოჯახიდან ამოიღეს და სწორედ ეს იყო ჩემს წინააღმდეგ ერთ-ერთი ბრალეულობა. ირაკლი ოქრუაშვილმა ჩემი სახლის თავზე აღმართა საქართველოს დროშა. რა იზეიმა ამით ოქრუაშვილმა? ჩემი დაკავება? აი, ამ კითხვებზე უნდა გასცენ პასუხი“, – აცხადებს ემზარ კვიციანის და ნორა კვიციანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები