დავით კირკიტაძის ადვოკატი: კაცი ამერიკაში წავიდა და ამის შემდეგ ბრალს უყენებენ

ამერიკაში მყოფ დავით კირკიტაძეს ბრალის წაყენების შესახებ ინფორმაცია ადვოკატმა ტელეფონით შეატყობინა – ამის შესახებ „კვირას“ ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ბრალის წაყენების შესახებ დავით კირკიტაძეს არანაირი რეაქცია არ ჰქონია.
როგორც ადვოკატი აცხადებს, მისი კლენტი ამერიკაში სასწავლებლად 3 იანვარს გაემგზავრა.
„დავით კირკიტაძე ამერიკაში, ერთ-ერთ უნივერსიტეტში სასწავლებლად არის წასული. ის ამერიკაში 6 თვე ისწავლის. სასწავლო პროგრამა 11 ივლისს დასრულდება. ჩემს კლიენტს გუშინაც ვესაუბრე. რაც შეეხება ბრალის წარდგენას, დავით კირკიტაძე სანამ ამერიკაში წავიდოდა, გამოძიებას არ დამალვია და გამომძიებელთან დაკითხვაზეც არაერთხელ ყოფილა. ცოტა უცნაურია, კაცი ამერიკაში წავიდა და ამის შემდეგ ბრალს უყენებენ. ბრალის წადგენის დადგენილება 4 საათზე გადმოგვეცემა“, – აღნიშნა დავით კირკიტაძის ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.
კირკიტაძის უფლებადამცველის ინფორმაციით, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ძმა ირაკლი კირკიტაძე, რომელიც საქმის მასალებში ფიგურირებს, საქართველოში იმყოფება.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, იგი საგამოძიებო სამსახურში მისვლას გეგმავს, სადაც დადგენილებას უნდა გაეცნოს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დავით კირკიტაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. გამოძიებიების ინფორმაციით, 2011-2012 წლებში, დავით კირკიტაძის მითითებით, ქვემო ქართლის გუბერნიის კუთვნილმა სპეცტექნიკამ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უსასყიდლოდ შეასრულა სამუშაოები დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძისა და ყოფილი საჯარო მოხელის, გიორგი უდესიანის ერთობლივი კომპანიების: შპს “ავტოჰაუს-რუსთავი2011”-ისა და შპს “ტიტანი 2011”-ის სასარგებლოდ, თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე ავტობაზრობის მშენებლობის დროს, რითაც სახელწიფოს მიადგა 248 400 ლარის მატერიალური ზიანი. პროკურატურა კირკიტაძის დაპატიმრებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები