დავით კირკიტაძე: ბრალი სასაცილოდაც არ მყოფნის

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძე მისთვის წაყენებულ ბრალს პოლიტიკურ დევნას უწოდებს. “რუსთავი 2-თან” სატელეფონო ინტერვიუში დავით კირკიტაძე ამბობს, რომ ის 2011 წლის შემდეგ საქართველოში იმყოფებოდა და ქვეყანა დიდი ხნით არ დაუტოვებია, 4 იანვარს კი ის საზღვარგარეთ სასწავლებლად წავიდა და სასწავლო კურსის დასრულებამდე ჩამოსვლას არ აპირებს.
„ბრალი სასაცილოდაც არ მყოფნის. ნამდვილად არ ვაპირებ ჩემი გეგმების შეცვლას იმის მიხედვით, თუ რას მოისურვებს რუსი ოლიგარქი, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს უფსკრულისკენ“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
ქვემო ქართლის ყოფილი რწმუნებულ-გუბერნატორი დავით კირკიტაძე საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
გამოძიების ინფორმაციით, 2011-2012 წლებში, დავით კირკიტაძის მითითებით, ქვემო ქართლის გუბერნიის კუთვნილმა სპეცტექნიკამ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უსასყიდლოდ შეასრულა სამუშაოები დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძისა და ყოფილი საჯარო მოხელის, გიორგი უდესიანის ერთობლივი კომპანიების, შპს “ავტოჰაუს-რუსთავი 2011″-ისა და შპს “ტიტანი 2011″-ის მიერ, თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე ავტობაზრობის მშენებლობის დროს, რითაც სახელწიფოს მიადგა 248 400 ლარის მატერიალური ზიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები