საკრებულოს წარმომადგენელმა ჩვილების საქართველოდან უკანონოდ გაყვანის სქემა გაასაჯაროვა
თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ჩვილი ბავშვების საქართველოდან გაყვანაზე ისაუბრა. ზუმბაძემ „საია“-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით ის სქემა გაასაჯაროვა, რომლითაც, მისი ინფორმაციით, ჩვილები საქართველოდან გაჰყავთ.
საკრებულოს წარმომადგენლის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ინფრომაციას პროკურატურაც ფლობს, თუმცა, მისი თქმითვე, გამოძიება ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს და ამ საკითხზე ისინი საზოგადოებას ინფორმაციას არ აწვდიან. „სახალხო დამცველის აპარატმა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პროკურატურას გადაუგზავნა თხოვნა იმის შესახებ, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და ჩვილების უკანონოდ გაყვანასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. როგორც ვიცით, პროკურატურაში ეს პროცესი მიმდინარეობს. „საიამ“ პირდაპირ მიუთითა დანაშაულის ფაქტები, მაგრამ ხელისუფლება ამ დანაშაულს არც ადასტურებს, არც უარყოფს. პროცესი ძალიან ნელა მიდის. მოვუწოდებ სახალხო დამცველის აპარატს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტსა და პროკურატურას, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, აღნიშნულ დანაშაულებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელონ. ჩემი ინფორმაციით, ეს პროცესი ასე მიმდინარეობს: ბავშვების ჩასახვა დონორთა უჯრედების გამოყენებით ხდება, მიღებულ ემბრიონებს გადანერგავენ და გამოზრდიან სუროგატი დედების საშვილოსნოში. ამის შემდეგ სუროგატ დედებს აიძულებენ, დაფარონ სუროგაციის ფაქტი, დარეგისტრირდეს კანონიერ დედად და მამად დაასახელოს ის უცხოელი, რომელმაც უნდა გაიყვანოს ჩვილი ქვეყნიდან. ბავშვის გასაყვანად კი საჭიროა დედის უფლებებით აღჭურვილი პირი, რის გამოც სუროგაციის დაფარვა ხდება. იქმნება ყალბი დაბადების მოწმობა, რომლის აღების შემდეგაც ბიოლოგიურ დედად მითითებულ სუროგატ დედას ნოტარიუსთან დედობაზე უარს აწერინებენ, რაც ბავშვის მამად მითითებულ უცხოელს შესაძლებლობას აძლევს, დამოუკიდებლად გაიყვანოს ბავშვი საქართველოდან. ჩვენი ინფორმაციით, ეს შპს ჯანდაცვის საერთაშორისო სააგენტოს „NEW LiFE GEORGIA” -ს მეშვეობით ხორციელდება. ლაპარაკია რამდენიმე ათეულ ბავშვზე“,- აღნიშნა გულიკო ზუმბაძემ.