სომეხთა საინიციატივო ჯგუფი სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას აპროტესტებს
სომეხთა საინიციატივო ჯგუფი სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ნაწილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას აპროტესტებს. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი მიხეილ ცატურიანი აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ ეს პრობლემა არ მოგვარდება, სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციებს გეგმავს.
ცატურიანი მოქალაქეობაჩამორთმეული ადამიანების სახელით იუსტიციის მინისტრს მათთვის ორმაგი მოქალაქეობის აღდგენისთვის მიმართავს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ამ საკითხთან დაკავშირებით რეგიონში მოსალოდნელი დაძაბულობა. “სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს, რომ 3 000-მდე ადგილობრივ, საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს, რის გამოც ისინი ჰაერში დარჩნენ. მოვუწოდებთ იუსტიციის სამინისტროს და მინისტრს, რომ სასწრაფოდ გადახედონ აღნიშნული პიროვნებების საქმეს, რათა ამ საკითხის გამო თავიდან ავიცილოთ რეგიონში დაძაბულობა. მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზად დასახელდა ის, რომ ამ პირებს ჰქონდათ ორმაგი მოქალაქეობა, კერძოდ, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობა”, – განაცხადა ცატურიანმა. მისივე განმარტებით, მათ სურთ, პრეზიდენტს ორმაგი მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით მიმართონ, რის საშუალებასაც იუსტიციის სამინისტრო და ძალოვანი უწყებები არ აძლევენ.
“ორმაგი მოქალაქეობის აღსადგენად მათ სჭირდებათ იუსტიციის სამინისტროსგან საბუთი, რომ ისინი ნამდვილად არიან საქართველოში დაბადებულები, თუმცა ეს საბუთი არ მისცეს, რადგან ძალოვანმა უწყებებმა მათ დააბრალეს აგენტობა და არ მიეცათ საშუალება, პრეზიდენტისთვის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ მიემართათ “, – აღნიშნა ცატურიანმა. მისი თქმით, ეს ადამიანები, რომლებსაც მოქალაქეობა ჩამოართვეს, იძულებულები არიან მიატოვონ სამუშაო ადგილები და გავიდნენ ქვეყნიდან.