„აფრასიძეების საქმის გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს – ადვოკატი სპეცოპარაციის და აფრასიძეების გარდაცვალების დეტალებს იხსენებს
ადვოკატი ირმა ჭკადუა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აფრასიძეების საქმეზე და წლების წინ ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე საუბრობს. როგორც ირმა ჭკადუამ განაცხადა, 2012 წლის ბოლოდან საქმეზე ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს. ადვოკატის მტკიცებით, მოგვიანებით აღნიშნულ საქმეზე მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე აუცილებლად დაიკითხება. ადვოკატის მტკიცებით, მაშინდელმა ხელისუფლებამ საქმეში მასალები გააყალბა. სინამდვილეში კი აფრასიძეების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა არ მომხდარა.
ადვოკატის თქმით, დაკავებული ომეხ აფრასიძე პირდაპირ ჩაცხრილეს, გოჩა აფრასიძეს დანით გაუსწორდნენ, ევგენი აფრასიძე კი იღლიის მიდამოებში სროლის შედეგად გარდაიცვალა.
გარდაცვლილის გვამი კი სპეცოპერაციაში მონაწილე სამართალდამცავებმა ცეცხლწაკიდებული სახლიდანაც კი არ გამოიტანეს.
„აფრასიძეების საქმის გამოძიება 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ ინტენსიურად მიმდინარეობს, დაკითხულია ასობით ადამიანი, სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებულია ექსპერტიზები, დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი და დანაშაულის ნიშნები, რაზეც ოჯახის წევრები და ადვოკატები წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, სახეზეა.
რაც შეეხება საქმეში გიორგი ბარამიძის პირდაპირ ან ირიბად ჩართულობას, მასთან დაკავშირებით ოჯახს და ადვოკატებს გარკვეული ეჭვები ჰქონდათ, რომ, როგორც მინიმუმ, ე.წ. სპეცოპერაციის ჩატარებისას უფლებამოსილების გადამეტებას ჰქონდა ადგილი. აქვე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ მანამ, სანამ სახლს ცეცხლი გაუჩნდებოდა, ბატონი ომეხ და გოჩა აფრასიძეები ერთობლივად სახლში დააკავეს.
მას შემდგომ, რაც ხელებაწეული ევგენი აფრასიძე გამოვიდა აივანზე, მას ტყვია დაახლოებით იღლიის მიდამოებში მოარტყეს. ამ დროს შევარდა სახლში სპეცრაზმი. ეს ორი ხელბორკილდადებული ადამიანი ორღობეში დააგდეს. გოჩა აფრასიძეს ორივე ფილტვში სასიკვდილო ჭრილობები ჰქონდა, ოღონდ ეს ჭრილობები არცერთი ცეცხლსასროლი იარაღით არ მიუღია. დაზიანებები ე.წ. შტიკნოზის დანით დაკავების შემდგომ ახლო მანძილიდან მიაყენეს.
რაც შეეხება ომეხ აფრასიძეს, ის წამოაყენეს, მიაყენეს ქვის ორღობეზე, ავტომატის ჯერი გადაატარეს და ჩაცხრილეს. ამის შემდეგ ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა მას გულიდან ოქროს ძეწკვი ჩამოწყვიტა, რომელზეც ხატი ეკიდა და მისთვის ბეჭდის წაძრობა სცადა. ბეჭედი ვერ წააძრო და ამის გამო მას დანით თითი მოაჭრეს. ეს ფაქტები დადასტურებულია და ყველაფერი საქმეში დევს. საქმეში ასევე 15 თვითმხილველის მცდელობაა.
მას შემდეგ, რაც აფრასიძეების სახლი დაიბომბა და სახლში ევგენი აფრასიძის გვამი იწვოდა, გია ბარამიძე ხელებს იფშვნეტდა, ამ სახლის ცეცხლზე ხელს ითბობდა და მეზობლებს მიმართავდა, ხომ დაისვენეთ, მოგაშორეთ ეს ხორცმეტებიო და ხალხს კუბდარით გამასპინძლება სთხოვა. აღნიშნულ სპეცოპერაციაში 12 ვერტმფრენი და 800 ადამიანი მონაწილეობდა“,- აღნიშნა ირმა ჭკადუამ.