„დნმ არ არის ერთადერთი მტკიცებულება, რაც სოსანაშვილის დაკავებას საფუძვლად დაედო“
იური ვაზაგაშვილის აფეთქების ბრალდებით დაკავებული გია სოსანაშვილის ოჯახის წევრების ბრალდებებსა და ეჭვებს ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი ირმა ჭკადუა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
ირმა ჭკადუამ სოსანაშვილის დნმ-ის სასაფლაოზე მიტანა და ასაფეთქებელი ნივთიერების ნარჩენებზე მისი გადატანის შესაძლებლობა გამორიცხა. მისი თქმით, დნმ-ი ასაფეთქებელ ნივთიერებაზე ჯერ კიდევ მანამ აღმოჩნდა, სანამ გია სოსანაშვილს დნმ-ის ანალიზს აუღებდნენ. მათი იდენტობა ანალიზის აღების შემდგომ, შედარებით დადასტურდა.
„6 რიცხვამდე, სანამ დნმ-ს ანალიზი აუღეს დაკავებულ გია სოსანაშვილს, მანამდე საქმის მასალებში უკვე იდო ექსპერტიზის დასკვნა, რომ აღმოჩენილი იქნა უცხო პირის დნმ-ი. ეს გაცილებით ადრე იყო საქმეში, ვიდრე სოსანაშვილს დნმ-ს აუღებდნენ. როდესაც 6-ში დნმ-ის აღება მოხდა, დაილუქა და ამის შესახებ საქმეში დოკუმენტაცია დევს.
მას შემდეგ, რაც აუღეს დნმ-ი, ის საფლავზე აღმოჩენილ დნმ-ს შეადარეს. მოხდა ამ ორი დნმ-ის დამთხვევა და ამის შემდეგ ის დააკავეს. დნმ არ არის ერთადერთი მტკიცებულება, რაც სოსანაშვილის დაკავებას დაედო საფუძვლად, თუმცა ყველამ ვიცით, რომ დნმ-ის ანალიზი ერთ-ერთი უტყუარი, მეცნიერულად დადასტურებული მტკიცებულებაა, რომლის ირგვლივაც, როგორც წესი, კითხვის ნიშნები არ არსებობს“,- განაცხადა ირმა ჭკადუამ.
ირმა ჭკადუამ საქმეში არსებულ პასუხგაუცემელ კითხვებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება ყველა კითხვას პასუხს გასცემს. მისი თქმით, კითხვები არსებობს როგორც გარდაცვლილის გამოსვენებასთან, ისე უშუალოდ გია სოსანაშვილთან დაკავშირებითაც.
„კითხვები დაიბადა იმ ადამიანის გამოსვენებასთან დაკავშირებით, ვის დაკრძალვაზეც იმყოფებოდა ბატონი იური. ის 2 საათის ნაცვლად 2 -ის 15 წუთზე გამოასვენეს. გამოძიებამ უნდა დაკითხოს გარდაცვლილის ახლობლები, რომ არ არსებობს რაიმე შეთანხმებები და კავშირები. დაკავებულის საცხოვრებელ სახლში იმ ასაფეთქებელი ნივთიერების იდენტური ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოჩნდა, რომელიც გამოყენებულია იური ვაზაგაშვილის აფეთქების დროს. არსებობს კითხვები იმაზეც, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში არ იყო ჩასული სოფელში და ზუსტად 2 დღით ადრე ფიქსირდება იქ. კითხვის ნიშნებია იმაზეც, თუ რატომ არ ჩავიდა სოსანაშვილი სოფელში მანქანით. მან თქვა, რომ ავტომანქანა გაუფუჭდა და დაზიანების კონკრეტული მიზეზი დაასახელა, თუმცა დაიკითხა მანქანის ხელოსანი, რომელმაც აღნიშნა, რომ ავტომობილს არაფერი სჭირდა. კითხვის ნიშნებია იმაზეც, რომ სოსანაშვილი სასაფლაოზე მისასვლელად სოფლის ჩვეულებრივი გზით, რომლითაც ყველა სარგებლობს, არ გადაადგილდებოდა. არსებობენ თვითმხილველები, რომლებიც ამბობენ, რომ ის ტყე-ტყე შეხვდათ. როდესაც გამოძიება ამ კითხვებს უსვამდა სოსანაშვილს, მას ამაზე ახსნა არ ჰქონდა“,- განაცხადა ირმა ჭკადუამ.