“თავისუფალი დემოკრატები” საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ალექსანდრე პეტრიაშვილი ზურაბ აბაშიძის დღევანდელ განცხადებას საგანგაშოდ მიიჩნევს. პეტრიაშვილს მიაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს აშკარა და რეალური საფრთხე ექმნება.
“დღეს, ბიძინა ივანიშვილის პირადმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურა აბაშიძემ გააკეთა საგანგაშო განცხადება, რომლის თანახმადაც “ნატოსთან თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში განთავსდეს ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა, და რომ ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს და დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას”, მაშინ, როდესაც მიმდინარე წლის ბოლოს იმართება ნატოს მინისტერიალი და მომდევნო წელს ნატოს სამიტი, ეს განცხადება არის ღია დადასტურება იმ ფაქტის, რომ ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს ექმნება აშკარა და რეალური საფრთხე, რაზედაც “თავისუფალი დემოკრატები” დიდი ხანია მივუთითებთ. რადგან, ნატოს უელისის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტი სწორედ ის გეგმაა, რომელიც ითავლისწინებს ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსებას საქართველოში და ქვეყნის საბოლოო მიზნის, ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობას.
უელსის სამიტის ჩათვლით, ჩვენი ყველა ქმედება იყო მიმართული საქართველოს ნატოში გაწევრიანებისაკენ, რაც, ბუნებრივია, ასევე არის ალიანსის მყარი გადაწყვეტილება. საინტერესოა, რომ ზურაბ აბაშიძის დღევანდელი განცხადება დროში დაემთხვა კრიზისების მართვის საბჭოს გუშინდელ სხდომას, რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის განცხადებას და აბაშიძე – კარასინის თებერვლის ბოლოს დაგეგმილ შეხვედრას, რითაც გამოაშკარავდა ამ შეხვედრის რეალური დღის წესრიგი”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
“თავისუფალი დემოკრატები” მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, გააკეთოს საჯარო განცხადება და აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, ასევე მიმართავენ საგარეო და ევროატლანტიკურ სამინისტროებს, გაემიჯნონ აღნიშნულ განცხადებას და დააფიქსირონ საკუთარი ერთგულება ნატოში საქართველოს გაწევრიანებისადმი. “მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გამოხატონ საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია და არ მისცენ უფლება მთავრობას, გადაუხვიოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსიდან”, – განაცხადა ალექსანდრე პეტრიაშვილმა.