„საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე მესამე ქვეყანა გავლენას ვერ მოახდენს“

საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე მესამე ქვეყანა გავლენას ვერ მოახდენს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას.
როგორც გიგიაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, არსებითი პაკეტით განსაზღვრულია საქართველოში მხოლოდ სასწავლო ცენტრის გახსნა, “რაც არავის უსაფრთხოებას არ ემუქრება”.
“საქართველო-ნატოს ურთიერთობები გრძელდება ჩვეულ რეჟიმში. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია და ჩვენი თავისუფალი ნება და, შესაბამისად, მასზე მესამე ქვეყანა გავლენას ვერ მოახდენს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ნატოს, გაწევრიანებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება და არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი. რაც შეეხება სამხედრო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, არ ვიცი, საუბარი რაზეა. თუ ეს ეხება არსებითი პაკეტით განსაზღვრულ დებულებებს, ამ პაკეტით მხოლოდ სასწავლო ცენტრის გახსნაზეა საუბარი, რაც არავის უსაფრთხოებას არ ემუქრება. საქართველო არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც დააზიანებს უსაფრთხოებას რეგიონში”, – განაცხადა გიგი გიგიაძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, თუ ნატო საქართველოს ალიანსში “ჩათრევის” პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები