საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სერგეი ლავროვის განცხადებას პასუხობს
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დამოკიდებულია ალიანსსა და საქართველოს შორის მიმდინარე დიალოგზე და ალიანსის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაზე, შესაბამისად, მესამე ქვეყნები ამ პროცესზე გავლენას ვერ იქონიებენ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ განაცხადა.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, კიდევ ერთხელ დააფიქსიროს შემდეგი: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტს და ეფუძნება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებასა და თავისუფალ არჩევანს. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დამოკიდებულია ალიანსსა და საქართველოს შორის მიმდინარე დიალოგზე და ალიანსის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაზე, შესაბამისად, მესამე ქვეყნები ამ პროცესზე გავლენას ვერ იქონიებენ.
ამავდროულად, ალიანსის გაფართოების ისტორია ცხადყოფს, რომ ნატო-ში ახალი ქვეყნების გაწევრიანება წარმოადგენს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს. სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას კი თავად რუსეთის ფედერაცია უქმნის საფრთხეს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უგულებელყოფით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სისტემატური მილიტარიზაციითა და მისი ანექსიის მცდელობით.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე საქართველო დღემდე უშედეგოდ აყენებს ძალის არგამოყენების შესახებ საქართველოს მიერ ორჯერ ცალმხრივად აღებული ვალდებულების საპასუხოდ რუსეთის მხრიდან ასეთივე ვალდებულების აღების საკითხს. აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. ხელშეკრულებების დადებით რუსეთი ფაქტობრივად იქვემდებარებს საოკუპაციო რეჟიმების უკანონო სამხედრო გაერთიანებებს, რითაც განსაკუთრებით აქტუალური ხდება რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღება”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. თუ ნატო საქართველოს ალიანსში “ჩათრევის” პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს, – ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გუშინ, ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
“ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის კავკასიის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობის საკითხი. ამასთან, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საჭიროა, სავალდებულოდ შესასრულებელი დოკუმენტის გაფორმება ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით, რაც 2008 წლის მოვლენების გამეორებას თავიდან აგვაცილებს”, – განაცხადა ლავროვმა. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ნატო-ს მიერ თბილისის “ჩათრევის” მცდელობის ფონზე.