მინდია ჯანელიძე: რუსეთს ზედმეტი ნერვიულობის საფუძველი არ გააჩნია
თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა. მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის განთავსებასთან დაკავშირებით რუსეთს ზედმეტი ვნებათაღელვისა და ნერვიულობის საფუძველი არ გააჩნია. ჯანელიძის განმარტებით, საქართველოში იგეგმება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსება, რომელსაც არანაირი შეტევითი აგრესიული მიზნები არ აქვს. მისივე თქმით, ზოგადად ცნობილია რუსეთის დამოკიდებულება ნატოს მიმართ, მაგრამ თავდაცვის მინისტრი ხაზს უსვამს, რომ მათ ზედმეტი ვნებათაღელვის საფუძველი არ გააჩნიათ.
“ეს არის მხოლოდ ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარებისკენ მიმართული. მე მიკვირს, რატომ ანერვიულებს, ასე ვთქვათ, ჩვენს მეზობლებს ამ ცენტრის დაარსება და მისი ოპერირება არც ერთი მესამე მხარის ინტერესის წინააღმდეგ მიმართული არ არის”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, თუ ნატო საქართველოს ალიანსში “ჩათრევის” პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს.