საქართველოს საგარეო უწყება დებალცევოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს აღმოსავლეთ უკრაინაში, კერძოდ, დებალცევოში და მის ირგვლივ რუსეთის ფედერაციის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მხრიდან ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების განახლების გამო.
როგორც უწყების განცხადებაშია ხაზგასმული, აღნიშნული წარმოადგენს მინსკში მიღებული შეთანხმების ცეცხლის შეწყვეტის, მძიმე შეიარაღებული ფორმირებებისა და სამხედრო ტექნიკის გაყვანის თაობაზე შესაბამისი მუხლების უხეშ დარღვევას და სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს მოცემული შეთანხმების რეალიზაციის შესაძლებლობას.
„ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ სეპარატისტები დღემდე არ აძლევენ საშუალებას ეუთო-ს სპეციალურ სადამკვირვებლო მისიას, მონიტორინგი განახორციელოს დებალცევოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. იმედს გამოვთქვამთ, რომ „ნორმანდიული ფორმატის“ მონაწილეები მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავენ, ვითარების შემდგომი ესკალაციისა და მისი კონტროლიდან გამოსვლის თავიდან აცილების მიზნით. ამასთან, მოვუწოდებთ 2015 წლის 12 თებერვლის მინსკის შეთანხმების ხელმომწერ მხარეებს, სრულად შეასრულონ აღებული ვალდებულებები და პატივი სცენ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ ა.წ. 17 თებერვალს მიღებულ №2202 რეზოლუციას”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები