თეა წულუკიანი: საქართველოს პრეზიდენტი, მინისტრები და ჩემი წინამორბედიც ნეპოტიზმის ჭაობში იყვნენ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინის პრეზიდენტის ამჟამინდელი მრჩევლის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება და აცხადებს, რომ სააკაშვილის გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
“ქრონიკასთან” საუბრისას, მან ისიც აღნიშნა, რომ სააკაშვილის საკითხი ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ უხერხულობასაც ქმნიდა.
“თემა სამართლებრივად წმინდა აღარ არის იმ მომენტიდან, რა მომენტიდანაც იქმნება უკვე ორ ქვეყანას შორის უხერხულობა. ეს უკვე პოლიტიკური ტიპის უხერხულობაა. ჩვენი ვალია, რომ ამის მინიმიზაცია გავაკეთოთ. ის ადამიანი, რომელიც “რუსთავი 2″ – ის ეთერში იჯდა და ექსპერტის სტატუსით ბევრს ლაპარაკობდა, მათ შორის ისეთ გაუგებარ თემებზე, როგორიც არის, თურმე ჩვენს ხელისუფლებაში არსებული ნეპოტიზმი.
როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ხაზს ვუსვამ, თითოეულ მათგანს და და ძმა ჰყავდათ დაბინავებული ან იმავე სამინისტროში, ან გამგეობებში, ან გუბერნიებში და ასე შემდეგ. ეს ეხება ყველას – მინისტრებს, პრეზიდენტს, მათ შორის სააკაშვილს, ჩემს წინამორბედს, აკაკი მინაშვილს. ისინი იყვნენ ნეპოტიზმის ჭაობში”,- განაცხადა წულუკიანმა.