ნუკრი ქანთარია: წარადგინა თუ არა სააკაშვილმა ჯანმრთელობის ცნობა, როდესაც ის სამსახურში დაინიშნა
წარადგინა თუ არა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯანმრთელობის ცნობა, როდესაც ის უკრაინაში თანამდებობაზე დაინიშნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა-საქართველოს მეგობრობის მრავალსაუკუნოვან ასპექტში ბოლო ხანს ჩნდება გარკვეული კითხვები, რომელიც, დეპუტატის აზრით, პასუხის გაცემას იმსახურებს.
“თუ არსებობს პრეცედენტი, როდესაც მეგობარი, პარტნიორი ქვეყნის მიერ ძებნილი, დანაშაულში ეჭვმიტანილი პიროვნება ინიშნებოდეს მეგობარი ქვეყნის, ვგულისხმობ უკრაინაში, მაღალ თანამდებობაზე და უწყობს თუ არა მსგავსი პრეცედენტი ხელს მეგობრობისა და პარტნიორობის გაღრმავებას.
ასევე, როდესაც უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი უკრაინის დროშის ფონზე უკვე ღიად ლანძღავს მეგობარი ქვეყნის – საქართველოს ხელისუფლებას, ეს უნდა ჩაითვალოს თუ არა, საერთოდ, უკრაინის ხელისუფლების პოზიციად და იმედი აქვს, რომ არა, და თუ არა, მაშინ რატომ ბედავს პრეზიდენტის მრჩეველი თავისი პრეზიდენტის დაუკითხვად მსგავსი პოზიციის გამოხატვას. ასევე, როგორი რეაქცია ექნებოდა თავად უკრაინის მაღალ ხელისუფალს, რომ რომელიმე მეგობარ ქვეყანას მაღალ თანამდებობაზე ბატონი იანუკოვიჩი დაენიშნა და მას სწორედ მსგავსი პოზიციები დაეფიქსირებინა. მეოთხე – თვლიან თუ არა უკრაინის მაღალი ხელისუფლების პირები, რომ უკრაინის სახელისუფლებო წრეები იქცა “ნაცმოძრაობის” თავშესაფრად, მათ შორის, ძებნილებისაც და რამდენად შეუწყობს ეს ფაქტი ხელს სწორედ უკრაინის მაღალი ხელისუფლების პირების რეპუტაციის ამაღლებას საქართველოს მოსახლეობაში.
და ბოლო კითხვა – წარადგინა თუ არა სააკაშვილმა ჯანმრთელობის ცნობა, როდესაც ის სამსახურში დაინიშნა. თუ ამ კითხვებზე მოახერხებს იგივე “რუსთავი 2″ უკრაინის მაღალი ხელისუფლების პირებისგან პასუხების მიღებას, ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება. სხვა მხრივ, უკრაინელ ხალხს მინდა მშვიდობა, გამძლეობა ვუსურვო და დავუდასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.