თამარ ბერუჩაშვილი: ეს ხელშეკრულება, ისევე როგორც ყველა სხვა, არის არალეგიტიმური

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ცხინვალთან ე.წ. საზღვრის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას გმობს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თამარ ბერუჩაშვილმა გააკეთა. მისი განმარტებით, ეს რუსეთის მიერ ანექსიისკენ გადადგმული კიდევე ერთი ნაბიჯია.
“ეს ხელშეკრულება, ისევე როგორც ყველა სხვა, არის არალეგიტიმური და ამ ხელშეკრულებას არ აღიარებს არავინ, გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებიც ტრადიციულად აღიარებენ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ეს ხელშეკრულება არის არალეგიტიმური და მას არანაირი სამართლებრივი ძალა არ აქვს”,- განაცხადა ბერუჩაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო აღნიშნულ ფაქტს აქტიურ დიპლომატიურ პოლიტიკას უპირისპირებს.
“ჩვენ ამ ყველაფერს ვუპირისპირებთ აქტიურ დიპლომატიურ ნაბიჯებს საერთაშორისო – ორმხრივ და მრავალმმხრივ ფორმატებში. ჩვენი ინსტრუმენტი არის საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაცია ამ თემის გარშემო. ერთი მხრივ, არაღიარების პოლიტიკა და, მეორე მხრივ, თანამშრომლობის საშუალებების შექმნა, კონფლიქტის დარეგულირების მშვიდობიანი გზა ჩვენი ამოცანაა”, – განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, რუსეთსა და ცხინვალს შორის სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება დღეს იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები