მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩის დაბარების საკითხს გამოეხმაურა

მიხეილ სააკაშვილისთვის გაუგებარია, უკრაინაში მის დანიშვნასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო უწყებამ რატომ დაიბარა მხოლოდ უკრაინის ელჩი და რატომ არ იბარებენ ევროკავშირის, აშშ-სა და ნატოს ელჩებს – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა  „არჩევანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
“უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩემი მეგობრები არიან, რომელთან ერთადაც ვსწავლობდი. მათგან ვიგებ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან რეგულარულად მოდის წერილები. არ დაგიმალავთ და ზოგიერთი მათგანის შინაარსიც გამაცნეს. რაც შეეხება უკრაინის ელჩის დაბარებას, არ მესმის უკრაინის ელჩით რატომ დაიწყეს?! ამასწინათ ევროპარლამენტმა საპატიო სტუმრის სტატუსით სტარსბურგში საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაზე მიმიწვია. თავიდან მარტო მე მიმიწვიეს. საქართველოდან არავინ მიდიოდა, ატყდა ჩოჩქოლი და გამოაგზავნეს დელეგაცია, რომელმაც საჭიროდ ჩათვალა არც მომსალმებოდა, თითქოს კეთროვანთან ჰქონდათ საქმე. ევროპარლამენტმა რომ დამპატიჟა და ამის შემდეგ “ევროპის სახალხო პარტიის” სამიტზე წავედი, სადაც მრგვალ მაგიდასთან ისხდნენ მერკელი, უამრავი ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, ევროკავშირის ელჩს რატომ არ მოუწყვეს დემარში?! ეს ხომ ევროკავშირის ქმედებებია. მას შემდეგ, რაც ჩემზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და დიპლომატიური პასპორტები გამიუქმეს, ამ გაუქმებულ დიპლომატიურ პასპორტებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის ნებართვით ამერიკის მთავრობამ რამდენიმეწლიანი სამუშაო ვიზა ჩამირტყა. ამერიკის ელჩს რატომ არ იბარებენ?! ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ინტერპოლს წერილი მისწერა და ნატოს ელჩს რატომ არ იბარებენ დემარშისთვის? უკრაინა დაბალი ღობეა თუ როგორ არის?!”, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები