დავით ნარმანია ავსტრიის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია ავსტრიის ელჩს საქართველოში (რეზიდენციით ბაქო) აქსელ ვეხს შეხვდა. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ავსტრიის საპატიო კონსული საქართველოში, ევა ბერგერი ესწრებოდა.

შეხვედრაზე ვენასა და თბილისს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები ნარჩენების მართვის, ტრანსპორტისა და ეკონომიკის მიმართულებით.
“ვისაუბრეთ ავსტრიული გამოცდილების გაზიარებაზე. რამდენიმე მიმართულება გამოვყავით – ქალაქის მარკეტინგი, საინვესტიციო პოტენციალი და ბიზნესფორუმის ორგანიზების საკითხი. იყო ასევე საუბარი ქალაქებს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ავსტრიის ელჩის აქსელ ვეხის თქმით, უახლოეს პერიოდში შესაძლოა, დაიგეგმოს თბილისის მერის ვიზიტი ვენაში, ან თბილისის დაძმობილებულ ქალაქ ინსბრუკში.
“ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა სფეროში შეიძლება მოხდეს თბილისისთვის ავსტრიული გამოცდილების გაზიარება. შესაძლოა, ეს იყოს ნარჩენების მართვა, ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და სატრანსპორტო საკითხები. ავსტრიის წითელ ჯვარსა და თბილისის სამედიცინო დაწესებულებებს შორის არსებობს პარტნიორობის შესანიშნავი გამოცდილება და ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ვფიქრობთ”, – განაცხადა ავსტრიის ელჩმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები