მიხეილ სააკაშვილი: პუტინი მისტიკური და „ცოტა უცნაური“ ადამიანია

საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პუტინი მისტიკური და „ცოტა უცნაური“ ადამიანია, რომელიც მეზობელ პატარა ქვეყნებში პროვოკაციებს აწყობს – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „გრომადსკი ინთერნეიშენალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
სააკაშვილს მიაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობაში მას საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდში შეცდომები არ დაუშვია.
როგორც ექსპრეზიდენტი ინტერვიუში აცხადებს, იმის მიუხედავად, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს ამერიკასა და დასავლეთს რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია, ისინი საქართველოს მხარს მაინც უჭერდნენ. მისი თქმით, ამერიკამ 2008 წლის ომის დროს ქართული არმია „გაამყარა“.
ექსპრეზიდენტის თქმით, მართალია, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ საგარეო კურსი შეცვალა და პრორუსულ პოლიტიკას ატარებს, ეს „ნიანგის დაპირებას უფრო ჰგავს“ და სასიკეთო შედეგს არ გამოიღებს.
„საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკა შეცვალა. მათ მოუწოდეს დასავლეთს, რომ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღება არ გადაეცათ. მათ უკრაინის მხარდაჭერაზე პრაქტიკულად უარი განაცხადეს. ახალმა ხელისუფლებამ უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცები ტერორისტებად შერაცხა. მათ ყველაფერი გააკეთეს რუსეთისთვის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი ამას დააფასებს და, შესაბამისად, „გადაუხდის“. ეს იგივეა, რომ ნიანგი დააპურო“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტის მოსაზრებითვე, რუსეთს, უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლის მიუხედავად, საკმარისი დრო ექნება, რომ საქართველოს წინააღმდეგაც იმოქმედოს.
სააკაშვილის პროგნოზით, იმ დროისთვის, როცა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ განეწყობა, საქართველოს სუსტი ხელისუფლება ეყოლება და დასავლეთისგან ვერანაირ მხარდაჭერას ვერ მიიღებს.
საქართველოს ექსპრეზიდენტის განცხადებით, ეს პოლიტიკა საქართველოს რადარებიდან გააქრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები