„პოროშენკოს გადაწყვეტილება სააკაშვილის დანიშვნის შესახებ უკრაინელებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა“
უკრაინაში საქართველოს ყოფილი ხელისუფლების, ამჟამად ძებნაში მყოფი პირების მაღალ თანამდებობაზე დასაქმების ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, „ეროვნული ფორუმის“ წევრი თემურ მაისურაძე საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
დეპუტატის განმარტებით, უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის პოლიტიკური საჭიროებიდან გამომდინარე კი არ მიიღო გადაწყვეტილება, არამედ – მისი და მიხეილ სააკაშვილის პირადი ურთიერთობების საფუძველზე.
„ უკრაინის მთავრობამ უხერხულობა შექმნა. ის, რომ უკრაინის ელჩი მიიწვიეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ეს ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმია. ელჩებს სწორედ იმისთვის იწვევენ, რომ სახელმწიფოებს შორის კონკრეტული საკითხები დაარეგულირონ. უკრაინის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ წინა ხელისუფლებიდან ეს ადამიანები იქ დასაქმებულიყვნენ. მე უკრაინაში ვსწავლობდი, იქ ბევრი მეგობარი მყავს და ხშირად მირეკავენ. უკრაინელებისთვის ეს დანიშვნები მიუღებელი იყო. პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებამ თვითონ უკრაინის მოსახლეობასაც შეუქმნა უხერხულობა. არ ვიცი, ეს რაში გამოადგება უკრაინას. სააკაშვილი 2008 წელს ისეთი მაგარი იყო, კუდით ქვა ასროლინა რუსულ არმიას. ალბათ, დიდ უკრაინაში უფრო მეტს შეძლებს. ეს საკითხი სააკაშვილისა და პოროშენკოს პირადი ურთიერთობითაა გამოწვეული და არა უკრაინის პოლიტიკის საჭიროებით. არ მგონია, რომ ამის გამო უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობა უნდა შეწყდეს“,- აღნიშნა თემურ მაისურაძემ.