ნინო ბურჯანაძე: სააკაშვილის მიზანია, უკრაინული „მაიდნის“ სცენარი საქართველოში გადმოიტანოს
სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი საქართველოში უკრაინული „მაიდნის“ სცენარის გადმოტანაა, ამის შესახებ საგაზეთო ინტერვიუში პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საუბრობს.
„სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, უკრიანაში ძალიან დიდი ფული იშოვონ, რასაც ისინი ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდნენ! და მეორე – სააკაშვილისა და „ნაციონალების“ მიზანია, უკრაინული „მაიდნის“ სცენარი საქართველოში გადმოიტანონ!“, – განუცხადა ბურჯანაძემ „ასავალ-დასავალს“.
მისი შეფასებით, ის ქართველები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, სააკაშვილის ზონდერები არიან.
„ის ქართველები, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან, ძალიან მცირედი გამონაკლისის გარდა, სააკაშვილის ზონდერები არიან და ახლა იმისათვის ემზადებიან, რომ საქართველოში არეულობა მოაწყონ და სააკაშვილის დასაბრუნებლად პლაცდარმი შექმნან!“ განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, ის საქართველო-უკრაინის მომავალ ურთიერთობებს ნამდვილად ვეღარ ხედავს, რადგან საქართველოს მთავრობას იმ ხელისუფლებასთან, რომელსაც ნომერ პირველ კაცად სააკაშვილი ჰყავს გამოყვანილი კარგი ურთიერთობა ვერ ექნება.
„ერთხელ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ – ქართულ სახელმწიფოს თავმოყვარეობა რომ გააჩნდეს, უკრაინასთან ლამის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამდე გაამწვავებდა საკითხს“ – განაცხადა ბურჯანაძემ.