გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
შსს-ს ინფორმაციით, მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა სომეხ კოლეგასთან, არპინე სარგსიანთან.
შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის მშვიდობისა და თანამშრომლობის აუცილებლობას.
მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი საპოლიციო პარტნიორობის საკითხები განიხილეს.
გეკა გელაძემ და არპინე სარგსიანმა დარგობრივ რეფორმებზე, მიმდინარე პროექტებზე, საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული მხარე ყოველთვის მზად არის სომხურ მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
სომხეთის რესპუბლიკაში შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით კიკნაძე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლევან მაისურაძე.