„კეზერაშვილი-ახალაიას კადრები, რომლებსაც ალასანია მფარველობდა“
მას შემდეგ, რაც ირაკლი ალასანია დაინიშნა თავდაცვის მინისტრად, მან პოსტზე ყოფნის განმავლობაში თანამდებობაზე დატოვა გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი ზაზა მჭედლიძე და ლევან გაბუნია, -ამის შესახებ გაზეთი „ვერსია” წერს. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნებები ფიგურირებენ სერგო თეთრაძის საქმეში და ეს მაშინ, როცა თავად ალასანია აცხადებს, რომ მისვლის პირველივე დღიდან თეთრაძის საქმეში მონაწილე ათი პირი სამსახურის გარეშე დატოვა. არადა, სწორედ მჭედლიძისა და გაბუნიას გამო, თეთრაძის ოჯახი ალასანიასგან კატეგორიულად ითხოვდა აღნიშნული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას.
“2013 წლის ოქტომბრის ბოლოს თეთრაძის ოჯახის და ადვოკატის კატეგორიული მოთხოვნით, ალასანიამ “გაბედა“და კადრების განკარგულებაში აიყვანა მჭედლიძე და გაბუნია, თუმცა მოგვიანებით, მჭედლიძემ ისევ განაგრძო მუშაობა თავდაცვის სამინისტროში. ე.წ. მუხროვანის ამბოხის ვიდეოჩანაწერში, როცა ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ მას უნდა “ორი გვამი“, კადრში ჩანს მაშინდელი სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალი დავით ნაირაშვილი, რომელიც ე.წ. მუხროვანის ამბოხის დროს ხელმძღვანელობდა სპეციალურად შექმნილ საგანგებო შტაბს. 2014 წელს, როცა აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, გენერალ ნაირაშვილს დიდ ბრიტანეთში სამხედრო ატაშეს თანამდებობა ეკავა. ვიდეოჩანაწერის გავრცელების შემდეგ, პროკურატურას სურდა, გენერალი ნაირაშვილი სკაიპით დაეკითხა, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც იყო ალასანია. ბატონი ირაკლი ამბობდა, რომ გენერალ ნაირაშვილს არანაირი ბრალი არ მიუძღოდა ამ საქმეში და ამიტომ აუცილებელი არ იყო მისი დაკითხვა. რამდენიმე თვის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში ალასანია პირადად შეხვდა გენერალ ნაირაშვილს და უთხრა, ჩვეულებრივად გაეგრძელებინა საქმიანობა. გამოცემის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ თავდაცვის ექსმინისტრმა ძველი თანამებრძოლები დაივიწყა, თორემ პოსტს შესანიშნავად იყენებდა საკუთარი ნათესავ-მეგობრებისთვისო, და იხსენებენ დავით ნარსიას საქმეს. “საქმე ის გახლავთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ალასანიას ნათლიაზე – დავით ნარსიაზე აღიძრა საქმე ზოოპარკის დირექტორად მუშაობის პერიოდში მის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მითვისების ბრალდებით. ნარსიაზე ძებნა გამოცხადდა და, მიმალვაში მყოფმა, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, ნათლულს სთხოვა დახმარება, მისი ხელშეწყობით დაბრუნდა საქართველოში, თუმცა მოგვიანებით ნარსია პროკურატურამ დააკავა. ალასანიამ მაშინდელ მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს და მის მოადგილეს ლაშა ნაცვლიშვილს სთხოვა აღნიშნულ საქმეში დახმარება, რის შემდეგაც პროკურატურის მოთხოვნით სასამართლომ ნარსიას 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. რომ გითხრათ, სულ ეს იყო – მეთქი, მაინც არ დაიჯერებთ და რეალურად, რაც მალე დაერქმევა ყველაფერს თავისი სახელი, მით უკეთესი. ისე კი, საინტერესოა, ოდესმე თუ დადგება დრო ქართულ პოლიტიკაში, როცა ოპოზიციაში გადაბარგება ყველაფერს არ ჩამოწერს?”, – წერს გამოცემა.