ზაალ კასრელიშვილი: ოპოზიცია ყოველთვის ცდილობდა ძალოვანი სტუქტურების კრიტიკას და მინისტრებისთვის ზიანის მიყენებას

პრემიერ-მინისტრის დღევნდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ ჯარზე და პოლიციაზე მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს, კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი ეხმაურება. როგორც კასრელიშვილმა „კვირას“ განუცხადა, ოპოზიცია საქართველოში ყოველთვის ცდილობდა ძალოვანი სტუქტურების კრიტიკას და ზიანის მიყენებას ძალოვანი მინისტრებისთვის.
მისივე შეფასებით, სახელმწიფო მოხელეების, მათ შორის მინისტრების კრიტიკა არ უნდა აღიქმებოდეს უწყების დისკრედიტაციად, თუმცა კრიტიკა უნდა იყოს კონკრეტული მიზეზებიდან გამომდინარე, და არა „თითიდან გამოწოვილ“ საკითხებზე.
„ოპოზიცია ყველა დროში და ყველა ქვეყანაში, მით უმეტეს, საქართველოში ყოველთვის ცდილობდა ძალოვანი სტუქტურების კრიტიკას და ზიანის მიყენებას ძალოვანი მინისტრებისთვის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხელისუფლების პირველი პირის დასაყრდენად ძალოვანი სტრუქტურები ითვლება. ვიღაცას მიაჩნია, რომ თუ ამ ძალოვან სტრუქტურებს და მინისტრებს დაასუსტებს, შეასუსტებს პრემიერს. სახელმწიფო მოხელეების, მათ შორის მინისტრების კრიტიკა არ უნდა აღიქმებოდეს უწყების დისკრედიტაციად. მეორე საკითხია, რა ტონით აკრიტიკებენ და რა ქვეტექსტები დევს კრიტიკაში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ტონით აკრიტიკებ. კრიტიკა არის ურთიერთობის დემოკრატიული ფორმა, მაგრამ გააჩნია, რა ფორმით აკრიტიკებ და რა მიზანი აქვს. უნდა გააკრიტიკონ კონკრეტული მიზეზებით, და არა თითიდან გამოწოვილი მიზეზებით“, – განაცხადა კასრელიშვილმა.
მისივე თქმით, „თავისუფალი დემოკრატები“ ვერ ეგუებიან თავდაცვის სამინისტროს დაკარგვას, რის გამოც აკეთებენ კრიტიკულ განცხადებებს. კასრელიშვილი მიიჩნევს, რომ მათ უნდა დააკონკრეტონ თავიანთი ეჭვები, რის საფუძველზეც კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ.
„თუ ამ კრიტიკას მიზანი აქვს, რომ უკეთესი იყოს სამინისტრო, მაშინ მინისტრს უნდა მოსთხოვონ, გამოაქვეყნოს თავდაცვის ეროვნული დოქტრინა და ჯარის განვითარების სტრატეგია“, – აღნიშნა კასრელიშვილმა.
კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე პრემიერს ურჩევს, დაავალოს თავდაცვის მინისტრს, რაც შეიძლება სწრაფად გამოაქვეყნოს საქართველოს თავდაცვის დოქტრინა და ქართული ჯარის მშენებლობის კონცეფცია. კასრელიშვილის აზრით, აღნიშნული დოკუმენტების გამოქვეყნება ყველა ეჭვს მოხსნის და აღარ გაჩნდება სურვილი, გააკრიტიკონ ახალი ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, მიზანშეწონილი იქნება, თუ არა ჯარსა და პოლიციას, არამედ მინისტრებს გააკრიტიკებენ კონკრეტული მიზეზებით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ განცხადებებზე კომენტარი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ჯარზე და პოლიციაზე მიზანმიმართული შეტევა ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია, რაც ყოვლად დაუშვებელია.
პრემიერი მიიჩნევს, რომ მიმდინარე მოვლენებს როგორც პოლიტიკოსებისგან, ისე საზოგადოებისგან სწორი გაანალიზება და შეფასება სჭირდება.
„გამოკვეთილია ყველა ის პირი, ვინც ამას ღიად და დაუფარავად სჩადის. ვფიქრობ, ამას ადრე თუ გვიან სათანადო პასუხი გაეცემა. ის კამპანია, რომელიც ააგორეს მინისტრ ჯანელიძის წინააღმდეგ, ყოვლად დაუშვებელია. დღეს საქართველოში ჯარი, პოლიცია, სპეცსამსახურები აბსოლუტურად დეპოლიტიზებულია. მინდა, ყველას მივმართო, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ განცხადებებს და მოგიწოდებთ მინისტრებს, მაქსიმალურად განმარტოთ თქვენს უწყებებში მიმდინარე ცვლილებები“,- მიმართა პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები