თურქეთი საქართველოდან შესული ტვირთებისთვის დამატებით რეგულაციებს აღარ დააწესებს

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურსა და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟოსა და ვაჭრობის საქმეთა მინისტრს ნურეთთინ ჯანიქლის შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ნოდარ ხადურმა კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტის დროს დაფიქსირებული პოზიციის გამო, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ორმხრივი პარტნიორობის გააქტიურებას ეხებოდა. მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებისთვის 28-29 იანვრის შეხვედრის შედეგების მნიშვნელობას.

“მინისტრების საუბარი შეეხო იმ ახალ რეგულაციებს, რომლის შემოღებასაც თურქეთის მხარე უცხოეთიდან, მათ შორის, საქართველოდან შესული ტვირთებისთვის გეგმავდა. საუბრის შედეგად მიღებულ იქნა ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთან მიმართებაში აღნიშნული რეგულაციები არ ამოქმედდება”,- ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები