სოსანაშვილის ადვოკატი: ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რითაც მის უდანაშაულობას დავამტკიცებთ
იური ვაზაგაშვილის აფეთქებაში ბრალდებული გია სოსანაშვილის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უდანაშაულობის შესახებ ისაუბრა.
ადვოკატის მტკიცებით, დაცვის მხარეს გააჩნია მტკიცებულებები, რომლითაც სოსანაშვილის უდანაშაულობა დასტურდება, თუმცა დეტალებზე საუბრისგან გარკვეულ ეტაპამდე ჯოგლიძემ თავი შეიკავა.
სოსანაშვილის ადვოკატს ერთ-ერთ მტკიცებულებად მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ე.წ. ალიბი მოჰყავს. მისი თქმით, მკვლელობის მომენტისთვის ის კასპის რაიონში, პოლიციელებთან ერთად სახაშეში იმყოფებოდა.
ადვოკატმა საფლავზე წინა დღით ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟების შესაძლებლობაც გამორიცხა. მისი თქმით, მართალია მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ყარაფილაში 19 იანვარს ჩავიდა, თუმცა, ის სხვა ორ პოლიციელთან ერთად, სამძიმარზე იმყოფებოდა. ჯოგლიძის ინფორმაციით, საფლავზე ასაფეთქებელი მოწყობილობა წინა დღის 19 საათის მონაცემებით დამონტაჟებული არ ყოფილა.
„გვაქვს მტკიცებულებები, რაც შეგვიძლია სახელმწიფო ბრალდებას დავუპირისპიროთ, თუმცა ჯერჯერობით ამის საჯაროდ გახმაურებისგან თავს შევიკავებ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ყარაფილაში 19 იანვრამდე არ ჩასულა, იმ პერიოდში კი, როდესაც აფეთქება მოხდა კასპის სახაშეში იმყოფებოდა. მე დღეს შევდივარ გია სოსანაშვილთან, დნმ-ის შესახებაც იქნება საუბარი. შევეცდებით, შეჯიბრების პრინციპიდან გამომდინარე, დავამტკიცოთ გია სოსანაშვილის უდანაშაულობა.
წინასასამართლო სხდომა 2 აპრილს ჩაინიშნა. ფაქტია, რომ არსებობს დნმ-ის ანალიზი პასუხი, ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გვაქვს პასუხები, მაგრამ დღესდღეობით დეტალური საუბრისგან თავს შევიკავებ. ასაფეთქებელი საყვავილეში არ ყოფილა. ეს იმ ფილის ქვეშ დაამონტაჟეს, სადაც იური ვაზაგაშვილს უნდა გაევლო. ეს დილეტანტის გაკეთებულია და ამას ადასტურებს ისიც, რომ შეიძლებოდა იქ ვაზაგაშვილის ნაცვლად ვინმე სხვაც მისულიყო.
ის ჩავიდა 19 -ში, გარდაცვლილის ოჯახს ორ სხვა პოლიციელთან ერთად მიუსამძიმრა. ისინი დაადასტურებენ იმ გარემოებას, თუ სად იყვნენ, რამდენი ხანი დაჰყვეს ერთად. 19- ში, 18-19 საათზე, ახლობლების თხოვნით, ზურა ვაზაგაშვილის საფლავი დაალაგეს. ის ამ დროისთვის არ ყოფილა დანაღმული. საინტერესო და ყურადღება მისაქცევია ერთი დეტალიც, იური ვაზაგაშვილი ყველაზე ადრე მიდიოდა დაკრძალვაზე, რომ შვილის საფლავზეც მისულიყო. იმ დღეს გამოსვენების დრო შეიცვალა და 2 საათის ნაცვლად მიცვალებული 2 -ის 15 წუთზე გამოასვენეს“,- აღნიშნა სოსო ჯოგლიძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის აფეთქების ბრალდებით, პოლიციის მოქმედი თანამშრომელი გია სოსანაშვილი დააკავა. სოსანაშვილის წინასასამართლო სხდომა 2 აპრილისთვის ჩაინიშნა.