იური ვაზაგაშვილის საქმის ახალი, გაუხმაურებელი დეტალები პროკურატურიდან

„შსს-დან და პროკურატურიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციები სწორედ „სამართალდამცავთა ლიგის დაცვის“ მესვეურთ გამოჰქონდათ“, – ამის შესახებ გაზეთი „ალია“ დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს, სადაც ყოფილი პოლიციელი გამომცემლობას სკანდალურ ინფორმაციას აწვდის.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, „ალიამ“ ირაკლი ფირცხალავას, ირაკლი ქადაგიძის, ლევან გვაზავასა და სხვათა ორგანიზაციის შესახებ მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიტყო.
კონფიდენციალური წყარო, ასევე, ყოფილი პოლიციელი აცხადებს, რომ შსს-დან და პროკურატურიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციები სწორედ „სამართალდამცავთა ლიგის დაცვის“ მესვეურთ გამოჰქონდათ. ლაპარაკია იმ სქემების გამოძიების შესახებ ინფორმაციებზე, რომლებიც უშუალოდ მათ ეხებოდათ, იმ საქმეებს, რომლებიც თავის დროზე ამ ლიგის წევრებმა გააყალბეს და ამ საქმეების ხელახალი გამოძიება მათ თავისუფლებას საფრთხეს უქმნიდა.
გარდა ამისა, წყარო აცხადებს, რომ ლიგის მეშვეობით აწვდიდნენ ინფორმაციებს შსს-დან და პროკურატურიდან „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა დონის ლიდერთა საქმეების გამოძიების შესახებ, „ნაციონალებმა“ მათი მეშვეობით დეტალურად იციან ზურაბ ჟვანიას, ბუტა რობაქიძის, აფრასიძეების, დათა და ბაჩო ახალაიების, დავით კეზერაშვილის, გიგი უგულავასა და სხვა მნიშვნელოვანი საქმეების საგამოძიებო საიდუმლოებები, მათ შორის, იცოდნენ ამ საქმეებზე გამოძიების საიდუმლო მოწმეების ვინაობაც და, შესაბამისად, მათზე ზემოქმედების საშუალებაც ჰქონდათ.
წყარო აცხადებს, რომ შსს-სა და პროკურატურის ზოგიერთი თანამშრომელი, მათ შორის, მაღალჩინოსნები, საკუთარი ნებით აწვდიდნენ ლიგის წევრებს საიდუმლო ინფორმაციებს, ხოლო ბევრი მათგანის შესახებ ლიგის წევრებს მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია და ფაქტები ჰქონდათ და შანტაჟითა და მუქარით სძალავდნენ ინფორმაციას.
წყარო აცხადებს, რომ მთავარი პროკურატურის რამდენიმე პროკურორმა და გამომძიებელმა ზემდგომებს, მათ შორის მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეებს უკვე მიმართა თხოვნით. ისინი მზად არიან, აღიარონ წარსულში ზურაბ ადეიშვილმა და მისმა მოადგილეებმა რა უკანონო დავალებები შეასრულეს, ასევე, „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ლიდერების რომელი დაკვეთები აღასრულეს, რომელი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისას რა დანაშაული ჩაიდინეს. მზად არიან, მისცენ ჩვენებები ზურაბ ადეიშვილისა და მისი მოადგილეების შესახებ, „ნაცმოძრაობის“ წევრთა შესახებ და სანაცვლოდ, სამართლებრივ ხელშეუხებლობას ითხოვენ. ამასთანავე, პროკურატურის სისტემის დატოვებას თავადვე აპირებენ.
გამოცემის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ახლო მომავალში უნდა ველოდოთ, რომ ყოფილი ხელისუფლების გავლენიან ლიდერებს, მათივე ერთგული პროკურორები და გამომძიებლები დაუპირისპირდებიან და არაერთი, აქამდე მიჩქმალული სისხლის სამართლის საქმე გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები