ვალერიან ზუმბაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ცილისწამებისთვის იჩივლებს
თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის უფროსის მოადგილე ვალერიან ზუმბაძე თავს უდანაშაულოდ თვლის და მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ბინძური კამპანია , – ამის შესახებ აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის განცხადებაში.
საუბარია ტელეკომპანია “იმედში” გასულ სიუჟეტზე, სადაც ყოფილი პატიმრები ზუმბაძეს, როგორც ყოფილ გამომძიებელს არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ.
“ვალერიან ზუმბაძე თავს უდანაშაულოდ თვლის და მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ბინძური კამპანია, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია და რეალობას მოკლებულია. იგი მზადაა, სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში პასუხი გასცეს ყველა კითხვას. ამასთან, ვალერიან ზუმბაძე, საკუთარი რეპუტაციის დასაცავად, ცილისმწამებლური განცხადებების ავტორების წინააღმდეგ, შესაბამის უწყებაში საჩივარს შეიტანს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია, შსს-ს კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომლის ვალერი ზუმბაძის თავდაცვის უწყების მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მისი თქმით, ზუმბაძე ე.წ. ჯაშუშებისა და სხვა საქმეების გამყალბებელი და ფალსიფიკატორია. თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილედ ვალერი ზუმბაძე დაინიშნა.