დავით ასათიანი – მოსამართლეებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დირექტორი ან დამსჯელი არ იქნება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ასათიანი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა და პარლამენტმა კანდიდატი იურიდიული წრიდან უნდა შეარჩიონ.
ასათიანის კანდიდატურა “ადვოკატთა ასოციაციამ” დაასახელა. მისი განცხადებით, ადვოკატების ეს ნაბიჯი ერთგვარი მითითება და მოწოდებაა საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისადმი, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პოლიტიკური ნიშნით ან სიმპათია-ანტიპათიით არ შეარჩიონ. მისივე თქმით, ადვოკატებს შორის კონსულტაციები იმ საკითხზე მიმდინარეობდა, დაესახელებინათ თუ არა მათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურა.
“უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციის დაკავება ჩვენი თვითმიზანი არაა. ჩვენი უპირველესი მიზანი პრეზიდენტისთვის და პარლამენტისთვის მოწოდებაა, რომ თავმჯდომარედ უნდა შეირჩეს პიროვნება იურიდიული პროფესიიდან და არა პოლიტიკური ნიშნით, ან სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით, რადგან ეს მნიშვნელოვანია თავად სისტემის მდგრადობისა და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისათვის. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება გააჩნია, რომელსაც ხშირად არ აღნიშნავენ. კერძოდ,მხოლოდ მას შეუძლია მისცეს თანხმობა მოსამართლის მიმართ სისხლის-სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე. ანუ კონკრეტულ მოსამართლეს მოუხსნას კანონით განსაზღვრული იმუნიტეტი. ეს მნიშვნელოვანი მექანიზმია და ამ უფლებამოსილების ისეთი ადამიანის ხელში გადაცემა, რომელიც პოლიტიკური ნიშნით იქნება შერჩეული, ძალიან დიდ საფრთხეს შეუქმნის ზოგადად მართლმსაჯულების სისტემას. თავად მოსამართლეებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე სისტემისთვის უცხო სხეული არაა და არ იქნება “დირექტორი” ან დამსჯელი”, – განაცხადა ასათიანმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა აგრეთვე, უნდა განიხილოს იურიდიული პროფესიის სხვა წარმომადგენლების კანდიდატურებიც. ამ კუთხით მნიშვნელოვანია სამოსამართლეო გამოცდილების მქონე პირების ნომინირებაც. სასამართლო სისტემაშიც არიან კვალიფიციური და გამოცდილი კადრები, რომელთა განხილვაც წაადგება შერჩევის დემოკრატიულ პროცესს და მოსამართლეებიც ნდობით შეხედავენ ამ პროცედურას. მოსამართლეთა კორპუსიდან დასახელებული კანდიდატებიდან გამოვყოფდი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს მამუკა ახვლედიანს, რომელთანაც ადვოკატთა ასოციაციას ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩამოუყალიბდა და რომელმაც გამოავლინა კარგი მენეჯერული თვისებები საქართველოში უდიდესი სასამართლოს ხელმძღვანელობის პროცესში. მასზე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა და წარმატებები ვუსურვო. მიგვაჩნია, რომ სამოსამართლეო სფეროდან ის ერთ-ერთი ღირსეული პროფესიონალი და კვალიფიციური კანდიდატია”, – აღნიშნა დავით ასათიანმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა წარდგენის ვადა დღეს, 19:00 საათზე იწურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები