რა დეტალი გამოიკვეთა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეში – ადვოკატი მკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავს
ის რაც დღეს ჩვენ ვნახეთ და გავარკვიეთ, ეს შესაძლებელია მკვლელობის ვერსიის დამადასტურებელი მტკიცებულებები იყოს, – ეს განცხადება კიწმარიშვილების ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა “ტელეიმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა.
ადვოკატის თქმით, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები დაცვის მხარის მოთხოვნით ჩაატარა. როგორც ადვოკატი აცხადებს, აღნიშნულმა საგამოძიებო მოქმედებებმა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები გამოკვეთა.
„დაცვის მხარემ საგამოძიებო ორგანოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება მოსთხოვა, ეს მოქმედებები ჩატარდა. ჩვენ დღეს პროკურატურაში ვიმყოფებოდით იმ მიზნით, რომ გავცნობოდით იმ ინფორმაციას, რაც ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით მიიღო გამოძიებამ. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები გამოიკვეთა“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.