„ვაზაგაშვილის საქმეზე შედეგი ერთი თვით ადრეც რომ დადებულიყო, იური ვაზაგაშვილი დღეს ცოცხალი იქნებოდა“
ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გახსნას და დანაშაულში ეჭვმიტანილი 11 პირის დაკავებას საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში უფლებადამცველები გამოეხმაურნენ.
როგორც ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის წარმომადგენელმა ნიკა მემანიშვილმა განაცხადა, ის ეჭვმიტანილების დაკავებას მიესალმება, თუმცა, მისივე თქმით, შედეგი სულ მცირე ერთი თვით ადრეც რომ დადებულიყო, დღეს იური ვაზაგაშვილი ცოცხალი იქნებოდა.
„ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით სამართლიანობა აღდგა. დაკავებულები არიან ადამიანები, ვინც ამ დანაშაულში მონაწილეობდნენ, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ცოტა ადრე, თუნდაც ერთი თვის წინ არ მოხდა.
ეს საქმე რომ ერთი თვის წინ დადებულიყო, დღეს იური ვაზაგაშვილი ცოცხალი იქნებოდა. გარდა ვაზაგაშვილის საქმისა, ასობით საქმეა გამოსაძიებელი. წინა ხელისუფლების პირობებში 200 -ზე მეტი ახალგაზრდა ჩაცხრილეს ქუჩაში. სამართლიანობის აღდგენას საზოგადოება 2012 წლის არჩევნების შემდეგ ელოდა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ყველა მსგავსი დანაშაული გამოძიებული უნდა იყოს და კითხვებს პასუხი გაეცეს“. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაღუპული ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე მთავარმა პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ვაზაგაშვილი და ხუბულოვი ირაკლი ფირცხალავას ხელმძღვანელობით მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას არიან მოკლულები. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე განზრახ მკვლელობის მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებით, 11 პირი დააკავა, მათ შორის ირაკლი ფირცხალავა. მათ ბრალად ედებათ განზრახ მკვლელობის ორგანიზება და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. დანაშაული სასჯელის ზომად 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი თბილისში, კორტებთან 2006 წლის 2 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციას ემსხვერპლნენ.