„თანამედროვე ხელოვნება ეროვნული ძირის გარეშე არ არსებობს…“

„ხატვა 16 წლისამ დავიწყე. ბავშვობიდან ვფიქრობდი, რომ მუსიკოსი გამოვიდოდი. გადაწყვეტილიც მქონდა ფორტეპიანოს განხრით, კონსერვატორიაში ჩაბარება. მაგრამ ზუსტად მახსოვს დღე, როდესაც ჩემი მეგობრის დას, მოლბერტზე ტილო ედო და ზეთის საღებავებით ხატავდა. ძალიან მომინდა ფერწერაში მუშაობა. შევიძინე ტილო, საღებავები და მთელი დღე და ღამე ვხატავდი. ვხატავდი ყველაფერს. მათ შორის ნატურმორტებს. მახსოვს, ლევიტანის პეიზაჟის ასლი გავაკეთე. გადავწყვიტე სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება. სამი წელი ვემზადებოდი და ჩავაბარე.“ – მხატვარი მანანა ტაბიძე.

– თქვენი შთაგონების წყარო, გნებავთ ასახვის საგანი…10913489_804072552975132_577361041_n
– ჩემი შთაგონების წყარო სხვადასხვა დროს სხვადასხვაა. ხშირად ვხატავ ნავს. ალბათ, იმიტომ, რომ ნავი – თავისუფალი აზროვნების, სიცოცხლისა და მარადიულობის კოდირებული არსია.
– ფერები თქვენს შემოქმედებაში…
– ჩემი ნამუშევრები დეკორატიულია. მინდა გამოვიყენო ფერების უნიკალური შესაძლებლობები. ყველა ნამუშევარი კოლორიტული პრინციპებითაა აგებული. ერთი შეხედვით პრიმიტიულ ნამუშევრებში, რომელიც ქმნის განწყობას, კონცეფცია ყოველთვის მოდის ფერების დეკორატიულობიდან და მინდა მოიცავდეს ფილოსოფიურ აზროვნებას, ჭვრეტას.
– გარემო, რომელიც მუშაობისთვის გჭირდებათ…
– ხელოვნება თავისთავად რაღაცის დაბადებაა. როდესაც რაღაც დროის მანძილზე აზროვნება იცვლება, ხელოვნება ბადებს ახალ მიდგომებსა და ფორმებს, ამიტომ, ალბათ როდესაც მზად ხარ ამისთვის, განსაკუთრებულ გარემოზეც არ ფიქრობ მუშაობისთვის.
– გამოფენები და შთაბეჭდილებები…10947737_804072542975133_2120714531_n
– ყოველი გამოფენა ახალი სიტყვის თქმა უნდა იყოს მხატვრისთვის. ამიტომ ხშირად გამოფენის მოწყობა ჩემთვის ცოტა უცნაურია. ორი პერსონალური გამოფენა მქონდა, საქართველოში და ამერიკაში, თუ ჯგუფურ გამოფენებს არ ჩავთვლით.
– შეიძლება თუ არა მხატვარმა საქართველოში თავისი შემოქმედებით იცხოვროს?
– დღეს თუ ქმნი ნამუშევარს, რომელიც ხელოვნებას კომერციულ პროდუქტად განიხილავს და გათვლი ყველასათვის აღსაქმელად, შეიძლება იცხოვრო. სხვა შეთხვევაში, სამწუხაროდ, ნაკლებად შესაძლებელია.
 – რა შეგიძლიათ თქვათ თანამედროვე ქართული ხელოვნების შესახებ…
– მინდა, რომ ქართული აზროვნება მსოფლიო ნაწილად იქცეს. ანუ, ის, რაც მსოფლიოში ხდება, მექანიკურად არ იყოს გადმოღებული. თანამედროვე ხელოვნება ეროვნული ძირის გარეშე არ არსებობს. დროს ვერ უძლებს.
– გიწევთ თუ არა საკუთარ თავთან ბრძოლა?
– რა თქმა უნდა, საკუთარ თავთან ბრძოლა მიწევს. ყოველი ახალი ნამუშევარი თავისთავად ბრძოლაა.
– სან – ფრანცისკოს ტექსტილის მხატვარ – დიზაინერთა საზოგადოების საპატიო წევრი ხართ …
-2005 წელს სან – ფრანცისკოში მქონდა გამოფენა, სადაც მონაწილეობდნენ ტექსტილის დიზაინის მხატვრები.  ნამუშევარმა „კაკტუსის ყვავილი“ წარმატება მომიტანა, რის შემდეგაც ხშირად მიწვევენ გამოფენებში.
– „დანტეს“ ხელოვნების სკოლა…10962180_804072559641798_1786007911_n
– თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 25 წელი ვკითხულობდი დეკორატიულ ფერწერას. სტუდენტებთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დღეს დანტე ალიგიერის საზოგადოებაში ხელოვნების სკოლას ვხელმძღვანელობ, სადაც ვასწავლი ბავშვებს 4-დან 16 წლამდე და ხატვას  მოყვარულთათვის. აგრეთვე სტუდენტებს, რომლებსაც სურთ იტალიის უნივერსიტეტებში შეიძინონ ცოდნა. დანტეს ხელოვნების სკოლა, სწავლების თანამედროვე მეთოდით ხელოვნების სხვადასხვა დარგის სინთეზურ სწავლებას ითვალისწინებს. სტუდენტებს პორტფოლიოს შექმნაში ვეხმარებით.  როდესაც ბავშვს, მოზარდს, სტუდენტს, მის პერსონალურ მიდრეკილებას, მის ნიჭს სწორ მიმართულებას ვაძლევთ, ვფიქრობ, რომ პატარა წვლილი შემაქვს მათი გემოვნებისა და პროფესიონალიზმის ჩამოყალიბებაში.

მზევინარ ხუციშვილი

10965780_804072549641799_782508019_n

10966682_804072556308465_709508671_n

10967696_804072539641800_1198223823_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები