გოგი თოფაძე: პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით თებერვლის მესამე კვირას გამოვა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გოგი თოფაძის განცხადებით, პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით, სავარაუდოდ, თებერვლის მესამე კვირას გამოვა.
როგორც გოგი თოფაძემ კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის საკითხზე საუბარი კოალიციის დღევანდელ სხდომაზე არ ყოფილა.
“ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტის პარლამენტში სტუმრობა მეორე სასესიო კვირას მოხდება”, – აღნიშნა თოფაძემ.
პარლამენტი პლენარულ სხდომებს ყოველ მეორე კვირას მართავს. თებერვლის პირველ კვირას საგაზაფხულო სესია იხსნება. შესაბამისად, მეორე სასესიო კვირა თებერვლის მესამე კვირაა.
რაც შეეხება უშუალოდ კოალიციის პოლიტსაბჭოზე განსახილველ საკითხებს, დეპუტატის ინფორმაციით, საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ თემებს და პარლამენტის მიერ განსახილველ კანონპროექტებს შეეხო.
“ძალიან ბევრი მიმდინარე საკითხია. 4, 5 და 6 თებერვალს უნდა ვიყოთ ქუთაისში, რადგან ბევრი თემა დაგროვდა. იყო რამდენიმე კანონპროექტზე საუბარი, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია მთიანი რეგიონების შეღავათებთან დაკავშირებული პროექტი. ნამდვილად გეუბნებით, არაფერი სენსაციური დღევანდელ სხდომაზე არ ყოფილა”, – აღნიშნა გოგი თოფაძემ.