“არც ერთი თანაშრომელი, რომელსაც ე.წ. კორტების სპეცოპერაციასთან რაიმე შეხება ჰქონდა, პროკურატურაში არ მუშაობს”

საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, არც ერთი თანაშრომელი, რომელსაც ე.წ. კორტების სპეცოპერაციასთან რაიმე შეხება ჰქონდა, პროკურატურაში არ მუშაობს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” ჩართვისას აღნიშნა.

მისივე თქმით, რთულია იმაზე საუბარი, თუ რა დრო შეიძლება დასჭირდეს ამა თუ იმ საქმის გამოძიებას.
“რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული ე.წ. კორტების სპეცოპერაციაში, ამის შესახებ ინფორმაცია ჩემთვის ჰქონდა მოწოდებული ბატონ იურის, მაგრამ ჩვენთვის ეს ინფორმაცია ახალია არ იყო, რადგან მე პირადად ვიცნობდი ამ საქმის მასალებს და ჩემთვის კარგად ცნობილია, თუ ვინ მონაწილეობდა ამ სპეცოპერაციაში. შემიძლია ერთი გითხრათ, რომ პროკურატურის არც ერთი თანაშრომელი, რომელსაც რაიმე შეხება ჰქონდა ამ სპეცოპერაციასთან, პროკურატურაში არ მუშაობდა”, – განაცხადა შოთაძემ.

პროკურორის მოადგილის განმარტებით, მან იური ვაზაგაშვილს აუხსნა და პირობა მისცა, რომ იმის მიუხედავად, თუ ვინ სად მუშაობდა, პროკურატურა მისი შვილის საქმეს ბოლომდე მიიყვანდა და ყველა ის პირი, რომელსაც რაიმე სახის ბრალი მიუძღოდა, დაისჯებოდა.

“ეს პირობა მიცემული იყო ბატონი იურისთვის. მან იცოდა ეს, მას სჯეროდა ამის, შესაბამისად, ეს პრობლემა არ იყო. ჩვენი მხრივ შექმნილი იყო საგამოძიებო ჯგუფი იმ გამომძიებლებისგან, რომლებსაც არასდროს შეხება არ ჰქონიათ კორტების სპეცოპერაციასთან და გამოძიება საკმაოდ ინტენსიურად და ეფექტურად მიმდინარეობდა”, – განაცხადა შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები