ვარიანის მოსახლეობა სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვარს უპირისპირდება
გორის რაიონის სოფელ ვარიანის ადგილობრივი მოსახლეობა სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვარს მამა გრიგოლს უპირისპირდება. ვარიანელები აცხადებენ, რომ წლებია მამა გრიგოლი მათ წინააღმდეგ პროვოკაციულ ნაბიჯებს დგამს. ბოლო ასეთი ფაქტი კი, ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც მამა გრიგოლმა პოლიციაში მისი მანქანის დაზიანების შესახებ განცხადება დაწერა. მამა გრიგოლი ამტკიცებს, რომ მას მანქანა დაუმტვრიეს, ხოლო დამნაშავეს ტელეფონი შემთხვევის ადგილზე დარჩა.
ამ შემთხვევაში კი მამა გრიგოლი ვახტანგ ედიშერაშვილს ადანაშაულებს. თავად ედიშერაშვილი კი ამბობს, რომ ინციდენტის დროს თანასოფლელებთან ერთად საქეიფოდ იმყოფებოდა. შემდეგ კი სახლში ნასვამი მიიყვანეს და დაიძინა. ედიშერაშვილის თქმით, მან ტელეფონი ქეიფის დროს დაკარგა.
სოფელში აცხადებენ, რომ მამა გრიგოლს ედიშერაშვილის 6 ათასი ლარი ვალი აქვს. თავად ედიშერაშვილს კი მიაჩნია, რომ მამა გრიგოლმა მანქანა თავად დააზიანა და ცდილობს, პროვოკაციული გზით მას კუთვნილი თანხა არ დაუბრუნოს.
ვარიანელები ამბობენ, რომ მამა გრიგოლი წლებია მათ წინააღმდეგ სხვადასხვა მიზეზს იგონებს. მოსახლეობა მის ბრალდებას პროვოკაციულად მიიჩნევს და სამართალდამცველებს მოუწოდებს, ობიექტურად იქნეს გამოძიებული ყველა ის ფაქტი, რაზეც მამა გრიგოლი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა.
“ჩემს გარეშე სოფელში არაფერი არ უნდა მოხდესო, ითხოვს, რომ ყველა საკითხზე მას დავეკითხოთ აზრი, თუ სადმე მიწის ნაკვეთი იყიდება, მას სურს, რომ შეიძინოს, იმ შემთხვევაში თუ სხვა გამოთქვამს ნაკვეთის შეძენის სურვილს, მაგრამ ფინანსები არ აქვს სრულად, მიდის და თვითონ იმტკიცებს, პირადად მე 30 წელია ვფლობ ნაკვეთს, სახსრების უქონლობის გამო ვერ დავიმტკიცე, ის ყველანაირი გზით ეცადა, რომ ჩემთვის ჩამოერთმიათ ნაკვეთი, საბოლოოდ განზრახვა ვერ შეასრულა, ჩვენ- მთელი სოფელი მოვითხოვთ, დატოვოს სოფლის ტერიტორია და წავიდეს აქედან“,- განაცხადა სოფელ ვარიანის ერთ-ერთმა მკვიდრმა. წყარო: „რუსთავი 2“