ვერშბოუ: ნატოს ცენტრის განთავსების ადგილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თებერვალში იქნება მიღებული

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის, ალექსანდრ ვერშბოუს ინფორმაციით, ნატოს საწვრთნელი ცენტრის განთავსების ადგილთან დაკავშირებით ქართველ პარტნიორებთან შეთანხმებით საბოლოო გადაწყვეტილება მომავალ თვეში იქნება მიღებული.
მისივე განმარტებით, გეგმის აღსრულება სწორედ ძირითადი გადაწყვეტილებების მიღების შემდგომ დაიწყება.
“ჩვენ ჩამოვაყალიბებთ საქართველოში წვრთნის და შეფასების ცენტრს. აქ უკვე იმყოფება სამხედრო მრჩევლების გარკვეული რაოდენობა და ისინი კიდევ ჩამოვლენ. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს, რომ გაძლიერდეს, დაჩქარდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმირების პროცესი. ეს ცენტრი, ალბათ, ოპერატიული გახდება წლის ბოლოსთვის. მე ვიმედოვნებ, რომ ქართველ პარტნიორებთან მომავალ თვეს მოხდება საბოლოო შეთანხმება, სად იქნება განლაგებული აღნიშნული საწვრთნელი ცენტრი. ასევე გვექნება დეტალური საუბარი ამ მისიის მასშტაბისა – რა მასშტაბის იქნება, რა ტიპის სამხედრო წვრთნების განხორციელება შეგვეძლება ჩვენ აქ, საქართველოში”, – განაცხადა ალექსანდრ ვერშბოუმ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები