გიორგი მარგველაშვილი ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა.
პრეზიენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა საარჩევნო სისტემის საკითხები იყო.
როგორც აღინიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, საარჩევნო კანონმდებლობა დასახვეწია და ცვლილებები შემჭიდროებულ ვადებში უნდა განხორციელდეს. ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებმა ქვეყნის პირველ პირს საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.
„შეხვედრისას დაისვა ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი. ბუნებრივია, ყურადღება გამახვილდა საარჩევნო სისტემაზე და საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხებზე. საქართველოს პრეზიდენტი ამ პროცესში ჩაერთვება. ვფიქრობთ, საარჩევნო კანონმდებლობა დასახვეწია. საარჩევნო კანონმდებლობა კი ისე უნდა დაიხვეწოს, რომ, ერთი მხრივ, პარლამენტში პლურალიზმი და პოლიტიკური ძალების წარმომადგენლობა უკეთ იყოს უზრუნველყოფილი. მეორე მხრივ, ეს ცვლილებები საკმაოდ შემჭიდროებულ ვადებში ისე უნდა განხორციელდეს, რომ არჩევნებამდე საზოგადოებას, საარჩევნო სუბიექტებს და განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციას მომზადების შესაძლებლობა ჰქონდეს და ცვლილებების იმპლემენტაცია სწორად განხორციელდეს“, – განაცხადა დავით პატარაიამ.
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე ესწრებოდნენ.