ოთარ დანელია ბერუჩაშვილის განცხადებაზე: საქმე გვაქვს არასწორ ინტერპრეტაციასთან
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება. როგორც ოთარ დანელია აცხადებს, სავაჭრო-ეკონომიკურ ნაწილში ურთიერთობები გრძელდება, რაც მნიშვნელოვანია მეწარმეებისთვის, ფერმერებისთვის და გლეხებისთვის. „მედიაში გავრცელებულ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, მინდა მოკლე კომენტარი გავაკეთო. ვფიქრობ, რომ საქმე გვაქვს არასწორ ინტერპრეტაციასთან.
მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობას გამიჯნული გვაქვს რუსეთთან პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ განაცხადა.
შესაბამისად, სავაჭრო-ეკონომიკურ ნაწილში ურთიერთობები გრძელდება, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მეწარმეებისთვის, ფერმერებისთვის, გლეხებისთვის.
ვფიქრობ, საგარეო საქმეთა მინისტრი დამატებით განმარტებებს თავად გააკეთებს“,- განაცხადა ოთარ დანელიამ.
საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე დიალოგს დროებით აჩერებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა ვაშინგტონში, რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ბაზარს “მახედ” მიიჩნევს. თამარ ბერუჩაშვილმა რუსეთის ბაზარს “ძალიან არაპროგნოზირებადი” უწოდა.
“ახლა დროებით ვაჩერებთ რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე ამ დიალოგს, მას აზრი არა აქვს. რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია, ისევ აამოქმედოს ემბარგო”, – აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.