თამარ ბერუჩაშვილი: რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე დიალოგს დროებით ვაჩერებთ

საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე დიალოგს დროებით აჩერებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა ვაშინგტონში, რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ბაზარს “მახედ” მიიჩნევს. თამარ ბერუჩაშვილმა რუსეთის ბაზარს “ძალიან არაპროგნოზირებადი” უწოდა.
“ახლა დროებით ვაჩერებთ რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე ამ დიალოგს, მას აზრი არა აქვს. რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია, ისევ აამოქმედოს ემბარგო”, – აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.
მისივე შეფასებით, რუსეთი მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებითაც განაგრძობს დესტრუქციულ ნაბიჯებს, რისი უკანასკნელი ნათელყოფა იყო ნოემბერში, მოსკოვში ე.წ. სტრატეგიული პარტნიორობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეერთებულ შტატებში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფება, რომელიც ითვალისწინებს შეხვედრებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, აშშ-ის მთავრობის სხვა წევრებთან და კონგრესმენებთან, ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები