„ვგრძნობ, მაშასადამე, ვარსებობ“, ანუ პოლარული სამყაროს უნისონი
პოეტი, მასწავლებელი, ბლოგერი… მიაჩნია, რომ ერთადერთი მარადიული ჭეშმარიტება პირობითობაა, გრძნობებს კი მარტო მომავალი სჭირდებათ. მისი აზრით, თანამედროვე საზოგადოებაში ბევრი ისეთი პერსონაა, რომელიც ადამიანის პირველყოფილ ინსტინქტებს კარგავს. გაიცანით,- თორნიკე ჭელიძე…
– თორნიკე, ნაცნობობა თქვენი რომელიმე სტროფით რომ დავიწყოთ, რომელი იქნება ის ერთი?
-„ჯერ მხოლოდ სხეულს უნდა მეცხოვრა, შემდეგ –სულს მხოლოდ, ბოლოს კი ისე, როგორც ახლა ვარ“.
– ყველაზე მთავარი ფაქტები და ციფრები თქვენს ცხოვრებაში?
– ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრია 14, რამდენიმე მიზეზის გამო. ფაქტები კი, რა ვთქვა? პეპლის ეფექტის თეორიას ვემხრობი; მიმაჩნია, რომ უმცირესიც შეიძლება უდიდესი აღმოჩნდეს და პირიქით. ამიტომ ბევრი ისეთი ფაქტი მახსოვს ცხოვრებიდან, მიკვირს კიდეც, ასეთი უმნიშვნელო რამ როგორ არ მავიწყდება–მეთქი?!.
-“ცხოვრება თამაშია ჭვავის ყანაში“,- თქვენეული პარალელები?..
– მე ჯავახეთში ზღვის დონიდან 1900 მეტრ სიმაღლეზე ვასწავლიდი სკოლაში. იქ იყო ზუსტად ისე, როგორც ჰოლდენი ოცნებობს. თურქეთის საზღვარზე, კლდის პირას ჩემი მოსწავლეები რომ სათამაშოდ მიდიოდნენ, მივყვებოდი და სულ ჰოლდენი მახსენდებოდა. კი, ზოგადად, მთელი ცხოვრებაც ალბათ ეგრეა. მით უფრო, ამ დროს, როცა ურთიერთობების ფორმა შეიცვალა, ჩვენ – ადამიანებს უფრო მეტად გვაქვს კავშირი ინტერნეტის თუ ფიჭური კავშირის საშუალებით, ვიდრე პირადად, ამიტომ ყოველთვის არის ჩვენში ვიღაც, ვისაც უნდა ადგეს და კლდის პირას წავიდეს ბავშვების დასაჭერად და მათ გადასარჩენად.
– ყველაზე პროზაულ გარემოში დაწერილი ლექსი…
– არ მახსოვს, არ ვიცი. ისე კი ვთვლი, რომ ლექსი ზუსტადაც პროზაულ გარემოში უნდა იწერებოდეს, რომ უფრო „პოეტური“ იყოს. პოეტური ტექსტი მაქსიმალურად უნდა დაიწმინდოს იმ გაგებით პოეტურობისგან, როგორი დატვირთვაც ამ სიტყვას აქვს, დღეს ეს მგონია ყველაზე დიდი პოეზია; ჩვეულებრივობაში – პროზაულობაში ნახო ის, რაც ლექსისთვისაა საჭირო.
– თქვენი სიტყვებია: „ვინც წამოიწყო ეს ყველაფერი, მან დაასრულოს. მე რა ხელი მაქვს ამ ცხოვრებასთან?!“ რომელია ყველაზე მკვეთრი ცხოვრებისეული შეგრძნება?
– ყველაზე მკვეთრი შეგრძნებაა ტკივილი, რომლის შემდეგაც მოდის ის, რაზეც გურამ რჩეულიშვილს წერს: „უცებ იგრძნო რაღაც. ტკივილი? – არა. რაღაც და გათავდა“. ყველაზე მკვეთრი შეგრძნებაა კიდევ მუდმივი ბრძოლა საკუთარი თავის წინააღმდეგ.. ამაზე ბევრი მწერალიც წერდა და წერს, თუნდაც დოსტოევსკი რომ გავიხსენოთ… დაბოლოს, ყველაზე მკვეთრი შეგრძნებაა ის, როცა ხვდები, რომ აღარაფერს გრძნობ, ყველაფერი უბრალოდ გადი-გამოდის შენში, როგორც ღია კარში.
– როგორ ფიქრობთ: ,,სასახლეში სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის“?
– სიყვარული იმდენჯერ მოდის, რამდენჯერაც შენ შეგიძლია, მისი მიღება…
– რომ არ განელდეს გრძნობა, რა არის ამისთვის საჭირო?
– გრძნობა რომ არ განელდეს, ამისთვის საჭიროა, ზუსტად იცოდე, რა გინდა, რას გრძნობ, რატომ გრძნობ და ასევე საჭიროა, იცოდე მომავალი, უკეთესადაც კი, ვიდრე წარსული, რადგან გრძნობებს არასდროს აინტერესებთ წარსული, მათ მარტო მომავალი სჭირდებათ.
– ორი ამბავი: რამაც გული გატკინათ და რამაც ბედნიერად გაგრძნობინათ თავი.
– ასე ბევრი რამ მახსენდება და ვერაფერს გამოვყოფ. უბრალოდ ის, რაც გულს მტკენს ყველაზე მეტად, მაგრძნობინებს ხოლმე თავს ბედნიერ ადამიანად. ისე კი ძალიან ურთიერთწინააღმდეგობრივი ვარ, ალბათ, იმის ბრალია.
– თორნიკე, ყველას ვეკითხები: რა გზას გადის ადამიანი პერსონამდე?
– სხვადასხვაგვარია ეს გზა, შეიძლება უცებ მოვიდეს წარმატება, პერსონად ქცევას კი, შეიძლება ათწლეულების შრომა დაჭირდეს, ან შარმი, ან ნიჭი, ან ყველაფერი ერთად, ან ნაცნობობა, – არ ვიცი. ჩემთვის ის უფრო საინტერესოა, რა გზას გადის პერსონა ადამიანობამდე… იმიტომ, რომ ადამიანად ყოფნა დინამიკაა და არა სტატიკა და თანამედროვე საზოგადოებაში ბევრი პერსონა კარგავს ადამიანის პირველყოფილ ინსტინქტებს, სახეს და ამა თუ იმ საზოგადოებისთვის მისაღები დოგმების, შეხედულებების მქონე ხდება, რომ მათი ნდობა დაიმსახუროს.
– თორნიკე, სხვებისგან რითი განსხვავდებით?
– ერთმანეთისგან ყველა განვსხვავდებით და ყველა ერთმანეთს ვგავართ. ეს რაღაც პოლარული უნისონია. სამყაროში არაფერი გვაქვს, რაზეც მთელი კაცობრიობა დადასტურებით იტყვის, რომ ეს არის მყარი მატერია, რაიმეს რეპრეზენტატიკული ფორმა. ერთადერთი მარადიული ჭეშმარიტება სამყაროში არის პირობითობა. ჩემი სხვაობაც პირობითია, ჩემი მსგავსებაც სხვებთან… და ის არის კიდევ, რაღა შორს წავიდე?.. რითი განვსხვავდები საკუთარი „მესგან“, ან რითი ვგავარ? ეგეც არ ვიცი ბოლომდე. ზოგჯერ ისეთი სიტყვა, ქმედება, აზრი გამოდის ჩემგან, მიკვირს ხოლმე, ეს ვინაა ჩემში, რომელი „მე“ მოქმედებს-მეთქი?!.
– როგორი უნდა იყოს და რაზე უნდა წერდეს 21-ე საუკუნის ხელოვანი?..
-21-ე საუკუნის ხელოვანი უნდა წერდეს 21-ე საუკუნეზე და გულისხმობდეს შემდეგ საუკუნეებსაც. ესაა გარანტი იმისა, რომ მისი ტექსტები არ გახდეს მალფუჭებადი.
– ვაზროვნებ. მაშასადამე, ვარსებობ, თქვენეული ვერსია…
– ვგრძნობ, მაშასადამე ვარსებობ…
თეონა გოგნიაშვილი