“რომან ჩხენკელზე რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი ირაკლისთან, რომ ის აქ არ უნდა იყოს”
საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ თავის დროზე ირაკლი ღარიბაშვილს ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის იმჟამინდელი მრჩევლის, რომან ჩხენკელის პოსტიდან მოხსნა ურჩია. როგორც ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა ამის თაობაზე გადაწყვეტილება რამდენიმე თვის შემდეგ მიიღო. ივანიშვილის თქმით, ეს მაგალითი ადასტურებს, რომ იგი ღარიბაშვილის “მბრძანებელი” არ არის და პროცესებს არ მართავს.
“რომან ჩხენკელი – საკმაოდ დიდ თანამდებობას იკავებდა. რომან ჩხენკელზე რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი ირაკლისთან, რომ ის აქ არ უნდა იყოს. ის “ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრი იყო, მან გააკოტრა “ქართუ ბანკი“. რამდენჯერმე ვუთხარი ირაკლის, თუმცა მას არ ჰქონია რეაქცია. მე თავს არავის, არასდროს, არაფერს ვახვევ და დაჟინებით არ ვითხოვ. საკუთარი შვილებისგან არ ვითხოვ დაჟინებით არაფერს. მე შემიძლია რჩევა მივცე რბილად და დავასაბუთო. 7-8თვის შემდეგ მან ეს გაითვალისწინა და გააკეთა. ჩემი გაითვალისწინაო, ამას ვერ ვიტყვი, თვითონ მიხვდა“, – აღნიშნა ექსპრემიერმა.