ბიძინა ივანიშვილი: სამართლიანობის აღდგენის პროცესი თებერვლიდან დაიწყება
სამართლიანობის აღდგენის პროცესი ძალიან გაჭიანურდა, – ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
„მინდა ვთქვა, რომ სამართლიანობის აღდგენა ძალიან გაჭიანურდა. ეს ვალდებულება ჰქონდა ჩვენს გუნდს, როდესაც მოვედით და მე, ჩემი პრემიერობის პერიოდში ხშირად მეკითხებოდნენ და ხშირად ვაძლევდი დაპირებებს, რომ ვემზადებით ამისთვის. თუ მიაქციეთ ყურადღება, პრემიერმა განცხადება გააკეთა, რომ თებერვლიდან ეს პროცესი დაიწყება და როგორც მან თქვა და მეც ვიცი, ამის მზაობა არის. ეს არ არის მარტივი პროცესი. გამართლება არ უნდა, მე მესმის საზოგადოების, რომ ძალიან დაგვიანდა, მაგრამ ეს არ დაგვიანებულა ვიღაცის სუბიექტური მიზეზების გამო, რომ ვიღაცას ეს მიავიწყდა, ან ვიღაცას ეს არ სურდა. ამისთვის იყო ფინანსები მოსაძიებელი, იყო შესაბამისი სტრუქტურები შესაქმნელი, თუმცა ეს პროცესი შეჩერებული არ იყო, მდორედ მიდიოდა“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ “სამართლიანობის აღდგენას შესატყვისი თანხები სჭირდება. როგორც ვიცი, მინიმუმ 1 მილიარდზეა საუბარი“.