მამუკა არეშიძე: ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელმა საქართველოს ტერიტორია დატოვა

„მაქვს ინფორმაცია, რომ იური ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელმა საქართველოს ტერიტორია, საქართველო-თურქეთის საზღვრის მეშვეობით უკვე დატოვა“, – აღნიშნული განცხადება ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
არეშიძის განცხადებით, ხშირად შემსრულებელს გამოძიება დამკვეთზე გაჰყავს, თუმცა, მისივე თქმით, ესაა საქმე, რომელიც პირდაპირ დამკვეთების გამოვლენით გაიხსნება. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში ძალოვანი უწყების წარმომადგენელთა მონაწილეობის კვალი იკვეთება.
„მე მაქვს ინფორმაცია, რომ იური ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელმა საქართველოს ტერიტორია თურქეთის საზღვრის მეშვეობით დატოვა. ჩემთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია ამ მკვლელობის შემკვეთები, ეს ის სიტუაციაა, როცა ზუსტად შემკვეთებისგან, მათი ზემდეტი აქტიურობისაგან და მათი დატოვებული კვალისაგან გაიხსნება ეს საქმე, რომელშიც ძალოვანების მონაწილეობის კვალი იკვეთება, – ყოფილის თუ ახლანდელის, ამას მე ვერ გეტყვით“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მისივე ვარაუდით, იური ვაზაგაშვილის საქმე აუცილებლად გაიხსნება.
„იური ვაზაგაშვილის საქმე გაიხსნება. საქმეს ნათელი სწორედ შემკვეთებზე გასვლით მოეფინება. რაც შეეხება მისი შვილის ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობას, ეს საქმე დიდი ხანია გახსნილია, ყველამ იცის, ვინ არიან დამნაშავეები, თუმცა ამ დრომდე არ დასჯილან“, – აღნიშნა არეშიძემ.
არეშიძე ია მეტრეველის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც მეტრეველი ყვება, თუ როგორ იგეგმებოდა მისი ლიკვიდაცია. ექსპერტის განცხადებით, საფრთხე ყველა მოკლული შვილის მშობელს ემუქრებოდა. არეშიძე ვარაუდობს, რომ წინა ხელისუფლების დროს ირინა ენუქიძეც თავიდან მოიშორეს, ვაზაგაშვილის საქმე კი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრამ გადაწყვიტა.
„საფრთხე ყველა მოკლული შვილის მშობელს ემუქრებოდა. 2007-2008 წლიდან ვიცოდით, რომ ირინა ენუქიძეზე იყო სერიოზული მუქარები, ია მეტრეველზეც ჯერ კიდევ წლების წინ იყო მუქარა. დღეს უკვე მაღალი ალბათობით ვფიქრობ, რომ ირინა ენუქიძეც თავიდან მოიშორეს. რაც შეეხება ვაზაგაშვილს, მისი ბედი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრამ გადაწყვიტა. ვაზაგაშვილმა ბიძინა ივანიშვილს დაუმტკიცა, რომ მას ატყუებდნენ და დღესაც ატყუებენ“, – განაცხადა არეშიძემ.
დღესვე „კვირას“ პრესკლუბში იური ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვების საკითხს ია მეტრეველიც გამოეხმაურა.
„თუ ეს მართალია, მაშინ რაღაზე შეიძლება ლაპარაკი. ესე იგი ცნობილი ყოფილა, ვინ არის მკვლელი, და თუ ეს ასეა, მაშინ როგორ დატოვა მან საზღვარი“, – აღნიშნა მეტრეველმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები