„გარდა იმისა, რომ მკითხველი ცოტაა, ჩვენს მკითხველს ცნობისმოყვარეობაც აკლია…“
„გაგიკვირდებათ და, სწორედ მხატვრული თარგმანის სპეციალობით დავამთავრე ფილოლოგიის ფაკულტეტი. გაგიკვირდებათ-მეთქი, იმიტომ ვთქვი, რომ ალბათ თავადაც იცით, დიპლომთან მთარგმნელის საქმიანობა ისევე არაა დაკავშირებული, როგორც – მწერლის, ან პოეტის. სასაცილო იქნება, რომ გითხრათ, იმიტომ ვთარგმნი, რომ ეს სპეციალობა მაქვს-მეთქი. უბრალოდ ასე დაემთხვა. ფილოლოგიის ფაკულტეტიც, პრინციპში, შემთხვევით ავირჩიე. თავიდან ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე, ანუ მათემატიკას, ქიმიას, ბიოლოგიას ვსწავლობდი სკოლიდან, თუმცა, წერა ძალიან მიყვარდა. მერე ფილოლოგიის ფაკულტეტზე გადავედი. ეს გადაწყვეტილება მაშინ ფრიად უცნაურად გამოიყურებოდა. მთავარი ისაა, რომ ამ ყველაფერს თარგმანთან საერთო არაფერი აქვს, ეს საქმე უბრალოდ მომწონს და ბიოლოგიც რომ ვყოფილიყავი, მაინც ვთარგმნიდი, ამაში ეჭვი არ მეპარება.“ – ხათუნა ცხადაძე.
– როგორ დაიწყე თარგმნა, რომელი იყო პირველი წიგნი, რომელიც თარგმნე და რატომ?
– წერა ყოველთვის მომწონდა, სკოლიდან. თუმცა, საკუთარი თითქმის არაფერი დამიწერია, სასკოლო თემებს თუ არ ჩავთვლით. ვფიქრობ, ეს ჩემთვის მართლა ბუნებრივი საქმეა. თარგმანივით ალბათ საჭმლის კეთება მეხალისება, სხვა არაფერი. თუმცა, აქვე გეტყვით, ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის შემიძლია, დავჯდე და ვთარგმნო. ხადახან კვირაობით არ ვეკარები სათარგმნს. პირველად პატარა მოთხრობები ვთარგმნე, „ცისკარში“ დაიბეჭდა. შემდეგ – „ლიტერატურულ საქართველოში“, „კლდეკარში“, „ქომაგში“. ლუიჯი მალერბას, ლუიჯი პირანდელოს, ნატალია გინძბურგის, იტალო კალვინოს და კიდევ რამდენიმე იტალიელი ავტორის მოთხრობები იყო.
– რატომ იტალიური ენა?
– ესეც შემთხვევით მოხდა. მეოთხე კურსზე ვიყავი. ჩემი შვილი სულ პატარა იყო, იმ წელს არ ვმუშაობდი, დეკრეტულ შვებულებაში ვიყავი. გავიგე, რომ უნივერსიტეტში უნდა გაგვევლო იტალიური, როგორც მეორე უცხო ენა. მომეწონა ახალი ენის სწავლის იდეა, თუმცა ვიცოდი, რომ ერთსემესტრიანი კურსი ის არ იქნებოდა, რაც მე მინდოდა და გადავწყვიტე, კერძო გაკვეთილებზე მევლო. ძალიან გამიმართლა: საუკეთესო მასწავლებელმა – ნინო ხმალაძემ მასწავლა იტალიური. მერე, ძალიან მალე, იტალიელებთან დავიწყე მუშაობა და იმის მერე იტალიურს აღარ ჩამოვშორებივარ.
– საზოგადოებას ძალიან მოსწონს უმბერტო ეკოს „ვარდის სახელის“ თარგმანი. შენ რომელი თარგმანით ხარ კმაყოფილი?
– მეც ძალიან მიყვარს „ვარდის სახელი“. გარდა იმისა, რომ ეს წიგნი ეკოს საუკეთესო რომანად მიმაჩნია, მის თარგმნას რამდენიმე წელი მოვანდომე და ვფიქრობ, ჩემს თარგმანებს შორის ყველაზე კარგად დამუშავებული ტექსტია. მე არ მიყვარს სწრაფად თარგმნა. თუმცა, თარგმანი უსასრულო პროცესია და რამდენჯერაც არ უნდა წაიკითხო საკუთარი ნაწერი, თუნდაც ყველაზე „დაძველებული“ და დამუშავებული, კიდევ უამრავ რამეს შეცვლი. ჩემი თარგმანებიდან ასევე ძალიან მიყვარს ანტონიო ტაბუკის „მიაჩნია პერეირას“.
– რა კრიტერიუმით არჩევთ სათარგმნ წიგნებს?
– უმბერტო ეკო მე არ ამირჩევია, ეს გამომცემლობა „დიოგენეს“ შეკვეთა იყო. როცა მე ვთავაზობ რამეს გამომცემელს, რამდენიმე კრიტერიუმს ვითვალისწინებ. პირველ რიგში, ავტორი უნდა იყოს მნიშვნელოვანი, და არა მხოლოდ იტალიაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული გამომცემლობა ძნელად თუ დაგთანხმდება წიგნის გამოცემაზე. ასე იყო ტაბუკის შემთხვევაში. ეს წიგნი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, მთელ ევროპაშია ცნობილი და, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ტაბუკი თითქმის არავის გაეგონა, ძალიან მიხარია, რომ წააკითხა ხალხს თავი და გარკვეული ადგილიც დაიმკვიდრა.
გარდა ამისა, პირადად უნდა მომწონდეს წიგნი. თუმცა, უამრავი იტალიური წიგნია, რომელიც ძალიან მიყვარს და მართლა სიამოვნებით ვთარგმნიდი, მაგრამ ზუსტად ვიცი, გაუჭირდება ქართულ ბაზარზე. ჩვენთან ხომ, ძირითადად, „სახელებზე“ ნადირობენ. ჩვენს მკითხველს (გარდა იმისა, რომ მკითხველი ცოტაა), ცნობისმოყვარეობაც აკლია.
– სირთულეები, რომლებსაც მუშაობის პროცესში აწყდები?
– ამ კითხვაზე ვერც კი გიპასუხებთ: ყველა იმ სირთულეს ვაწყდები, რასაც – ნებისმიერი ქართველი მთარგმნელი. ერთ რამეს დავამატებდი: პირადად მე ყველაზე მეტად დროის დეფიციტი მაწუხებს და მიშლის თარგმნაში ხელს. ყოველთვის სრულ განაკვეთზე ვმუშაობდი და ვმუშაობ, ისეთ სამსახურებში, რომლებსაც თარგმანთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ასე რომ, თარგმანზე დილით ადრე, საღამოობით, ღამით, შაბათ-კვირას, შვებულებაში და ა.შ. ვმუშაობ. მოკლედ, ტემპით და პროდუქტიულობით ნამდვილად ვერ დავიკვეხნი. მარადიულად ვუგვიანებ გამომცემლობას თარგმანს და მეც ძალიან ვწვალობ ამის გამო. სულ დათრგუნული და შეწუხებული ვარ ვადებზე ფიქრით.
– როგორია მთარგმნელის ანაზღაურება და შეიძლება თუ არა მხოლოდ ამ საქმიანობით ადამიანმა დღეს თავი ირჩინოს?
– მთარგმნელის ანაზღაურება ჩვენთან ძალიან დაბალია, რა თქმა უნდა. თუმცა, მაღალიც რომ იყოს, მე ნამდვილად ვერ ვირჩენდი ამით თავს. როგორც გითხარით, ნელა ვმუშაობ. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ თარგმანით ცხოვრობენ და მათში მდიდარი არავინ მეგულება, მაგრამ თავის გატანას ახერხებენ. ჩემთვის ეს ძნელი წარმოსადგენია, თარგმნა საკმაოდ შრომატევადი, დამღლელი საქმეა, ხომ შეიძლება, ყოველთვის ერთნაირად ვერ იმუშაოს ყველაზე სისტემატურმა და მოწესრიგებულმა მთარგნელმაც კი (ჩემზე აღარაფერს ვამბობ)?…. მოკლედ, საქართველოში მხოლოდ ამით ცხოვრება მართლა ძნელია.
– უნდა ეხმარებოდეს თუ არა სახელმწიფო ამ საქმეს?
– ვფიქრობ, უნდა არსებობდეს თარგმანის ხელშეწყობის პროგრამები. ეს საქმე ნამდვილად უნდა იყოს პრიორიტეტული, რადგან ქართულ ენაზე უამრავი ფუნდამენტური ტექსტი არაა ნათარგმნი, სამეცნიერო თუ მხატვრული, რაც, უბრალოდ, სირცხვილია. ვაღიარებ, ბევრი არ მიფიქრია ამ თემაზე, მაგრამ არა მგონია, რაღაც ცენტრალიზებული, „საბჭოური“ სტრუქტურის ჩამოყალიბება იყოს საჭირო ამისთვის. ასეთი რამეების არ მწამს. ვგულისხმობ იმას, რომ სახელმწიფო უნდა აღიარებდეს ამ საქმეს, როგორც მნიშვნელოვანს და ჰქონდეს მისი მხარდაჭერის ზოგადი პოლიტიკაცა და კონკრეტული პროგრამებიც.
– ადრე ქართველი მკითხველი რუსულ თარგმანს ანიჭებდა უპირატესობას. გახდა თუ არა ქართული თარგმანი დღეს უფრო პოპულარული?
– რუსულ თარგმანს კი არ ანიჭებდნენ უპირატესობას, უბრალოდ ქართული თარგმანი იყო იმდენად ცოტა, რომ ხალხი, ძირითადად, რუსულად კითხულობდა. ისიც, რაც იყო ქართულად, ხშირად (არა ყოველთვის!) არა ორიგინალის ენიდან, არამედ რუსულიდან და თანაც უხეიროდ იყო ნათარგმნი. იმდენად ვიყავით რუსულად კითხვას მიჩვეული, რომ ძალაუნებურად შეიქმნა ეს სტერეოტიპი: „არა რა, რუსული თარგმანები სულ სხვაა!“. რუსეთი უზარმაზარია, მთარგმნელთა მთელი არმია ჰყავს, ათასობით წიგნი ითარგმნება ყოველწლიურად და მათში კარგიც ბევრია და ცუდიც. პროპორციულად ჩვენთანაც იგივეა. სასაცილოა, რუსეთი საქართველოს შეადარო რაოდენობრივად. ან პროპორციულად უნდა გავაკეთოთ შედარება, ან – ინდივიდუალურად, თვისობრივად. კარგი რუსული თარგმანი შევადაროთ კარგ ქართულ თარგმანს. მაგალითად, თუ ვინმე დამისაბუთებს, რომ რუსულად ნათაგმნი კენ კიზი ან ფოლკნერი რამით სჯობია ზაზა ჭილაძისას, ან „პორტნოის სინდრომი“ რუსულად უფრო გემრიელად იკითხება, ვიდრე ქეთი ქანთარიას თარგმანში, მაშინ კი ბატონო, შეგვიძლია, ვიკამათოთ.
მოკლედ, ჩემთვის ეს სტერეოტიპი ისეთივე ძირმოჭმულია, როგორც ის, რომ „რუსულ კამფეტებს მაინც სხვა გემო აქვს“. ეს ხომ, უბრალოდ, ტყუილია.
სიტყვა გამიგრძელდა და იმაზე აღარ გიპასუხეთ, გახდა თუ არა ქართული თარგმანი პოპულარული. რა თქმა უნდა, გახდა. პოპულარულიც და აუცილებელიც. ჩემმა სტუდენტებმა რუსული საერთოდ არ იციან, ასე რომ, იმედია, ამ სტერეოტიპს ნელ-ნელა გააზრებული შეფასება ჩაანაცვლებს და მოშლის. ანუ, კარგი რუსული თარგმანი მოგვეწონება და არა უბრალოდ რუსული თარგმანი. და თუ ვიღაცას შოკოლადი „მიშკა“ „ბარამბოს“ მხოლოდ იმიტომ ურჩევნია, რომ „მიშკა“ რუსულია, ვერაფერს ვიზამთ. ეს, როგორც გელა ჩარკვიანი იტყოდა, „ტემპოცენტრისტული“ მიდგომა, საკმაოდ ადვილად აიხსნება: ადამიანების უმრავლესობას ის მოსწონს და ენატრება, რაც, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ფიზიკური თუ მატერიალური „კეთილდღეობის“ (მოკლედ რომ ვთქვათ, ახალგაზრდობის) წლებს აგონებს და უცოცხლებს გონებაში.
– ზოგადად, როგორია თარგმანის ხარისხი საქართველოში?
– ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში, არა გვიშავს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ცოტა გვყავს მთარგმნელი, კარგი მთარგმნელი – კიდევ უფრო ცოტა, ძალიან კარგი კი – ძალიან ცოტა. უბრალოდ რაოდენობა უნდა გაიზარდოს. მხოლოდ ძალიან კარგი მთარგმნელების რიცხვი ვერ გაიზრდება, თუ მეტი ადამიანი არ მოჰკიდებს ამ საქმეს ხელს. ჩემი აზრით, ცხადია, რომ თარგმანის ხარისხი სულ უფრო უმჯობესდება ჩვენთან: საგრძნობლად გაუმჯობესდა სულ რაღაც ათ წელიწადში და იმედია, მომავალ ათ წელიწადში კიდევ უფრო გაუმჯობესდება.
მზევინარ ხუციშვილი