„სხვა არც არაფერი მიკეთებია, მთელი ცხოვრება ვხატავ…“
„ხატვა ყველა ბავშვს უყვარს, მაგრამ მე განსაკუთრებული გრძნობა მქონდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ უნდა მეხატა. სხვა რამეზე არასდროს მიფიქრია. მეცადინეობის დროს, წიგნის ქვეშ ფურცელი მქონდა დადებული. როგორც კი შესაძლებლობა მომეცემოდა, ვხატავდი. ასე გაგრძელდა, სანამ იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში ტანსაცმლის დიზაინზე არ ჩავაბარე.“ – მხატვარი თამარ ხმიადაშვილი.
– ტანსაცმლის დიზაინის სპეციალობაზე ჩააბარე, თუმცა ფერწერაში მუშაობ…
– ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ტანსაცმლის დიზაინზე რამდენიმეწლიანი სწავლის შემდეგ, მივხვდი რომ ეს ის საქმე არ იყო, რაც უნდა გამეკეთებინა. საინტერესო პროფესიაა, მაგრამ ის არ არის, რითიც ჩემს სათქმელს ვიტყოდი. საკუთარი თავის განვითარებას ვერ ვახერხებდი. ამიტომ, გადავწყვიტე სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა. უნდა ვთქვა, რომ ნიკოლაძის სახელობის სასწავლებელმა, კარგი საბაზისო ცოდნა მომცა, რომ სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე წარმატებით ჩამებარებინა.
სამხატვრო აკადემიაში მაგისტრატურის ორი წელი ძალიან ნაყოფიერი იყო. კარგი პედაგოგები მყავდა და, ფაქტობრივად, ამ ორმა წელმა გადაწყვიტა ჩემი მომავალი. ჩვენი პედაგოგები, სოფო ჩერქეზიშვილი და როკო ირემაშვილი არასდროს ერეოდნენ ჩვენს შემოქმედებაში. უბრალოდ, რჩევას და სწორ მიმართულებას გვაძლევდნენ, როგორ შეიძლებოდა გაგვევითარებინა ჩვენი შემოქმედება. მე, როგორც შემოქმედს, ამ დამოკიდებულებამ ბევრი რამ მომცა.
– სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს იყავი გერმანიაში…
– მოგეხსენებათ, რომ სამხატვრო აკადემიაში სწავლის გადასახადი ძალიან ბევრია, ამიტომ, მაგისტრატურის მეორე წელს აკადემიური ავიღე. თუმცა, თავისუფალი მსმენელი ვიყავი და ჯგუფის მუშაობაში აქტიურად ჩართული. საერთოდ, კარგი ჯგუფში მოვხვდი. ორი წლის განმავლობაში 15 პროექტი განვახორციელეთ. ამ პერიოდში, სამხატვრო აკადემიისა და ორგანიზაცია „გეოეარის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა და იქ გავიმარჯვე. ორი თვე დავყავი გერმანიაში და ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე. მივხვდი, რა უფრო ღირებული და პრიორიტეტულია ჩემს პროფესიაში. უცხოელ მხატვრებთან ურთიერთობით უფრო მეტი გამოცდილება მივიღე.
გარდა ამისა, შემშურდა მათი, რადგან სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ გერმანელებს ხელოვნების მიმართ. ოჯახებით დადიან გამოფენებზე. საქართველოში კი მხოლოდ მხატვრის მეგობრები და ნათესავები თუ მოვლენ. ჩვენთან ხელოვნება განყენებულია, სადღაც ცალკეა, მათთვის კი სულიერი სამყაროა.
– გამოფენები…
– სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს, აქტიურად ვმონაწილეობდი ჯგუფურ გამოფენებში. ორი პერსონალური გამოფენაც მქონდა. კმაყოფილი ვარ, რადგან მუდმივი მუშაობა მოდუნების საშუალებას არ გაძლევს, მით უმეტეს, როცა ჩვენს ქვეყანაში რთულია, დამწყებმა მხატვარმა პროფესია შეინარჩუნო და აქტიურად იმუშაო შემოქმედებაზე. გამოფენები საშუალებას გაძლევს, საკუთარი თავი შორიდან დაინახო და შენი შემოქმედება შეაფასო. ზოგადად, ძალიან რთულია, ქართულ ბაზარზე მხატვარმა საკუთარი შემოქმედებით იცხოვროს. ამას მონდომება და ძალიან დიდი შრომა სჭირდება. რთულია, როცა ფინანსურ პრობლემებს აწყდები. ახალგაზრდებს რეალიზების საშუალება არ აქვთ. ყველაფერი მეგობრობის დონეზე წყდება. ხშირ შემთხვევაში ოჯახი გეხმარება, რომ მასალა იყიდო.
საქართველოში ხომ ყველაფერი გამოფიტულია. არაცოცხალი გარემოა. ეს არა მხოლოდ ხელოვნებაში, ზოგადად, ყველა დარგში იგრძნობა. ბევრად უფრო რთულია, ამ გარემოში მხატვარმა ენთუზიაზმი შეინარჩუნო, მაგრამ გაჩერება უფრო დიდ ზიანს გაყენებს. არ არსებობს კრიტიკაც, რომელიც, ზოგადად, ძალიან დიდი სიკეთეა და გეხმარება საკუთარი შემოქმედების შეფასებაში. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ადამიანები საკუთარ საქმეს შეიყვარებენ და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან. ამის შემდეგ ისინი სხვების შრომასაც დააფასებენ.
– გარემო, რომელიც მუშაობისთვის გჭირდება…
– ამჟამად სახელოსნოში ვარ ყველაზე კარგად. შეიძლება ითქვას, რომ მე ჩემს ნამუშევრებში ემოციებს ვაძლევ ფორმას. იმპულსურად ხდება ემოციების ფერებით გამოხატვაც. ფერწერის გარდა, ვმუშაობ ქანდაკებაზე და ვიდეოარტზე. ამიტომ, ხალხმრავლობაში კომფორტულად ვერ ვგრძნობ თავს.
მზევინარ ხუციშვილი